საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებს სხვადასხვა მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან სატრანზიტო როლზე და შუა დერეფნის განვითარების ხელშესაწყობად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე.
„მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.
კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა გელა გელაძეს „აკ ორდას“ რეზიდენციაში უმასპინძლა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკაში კოლეგის, ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ერჟან სადენოვის მიწვევით იმყოფება“, – აღნიშნულია საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციაში.
