უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ომის აქტიური ფაზის პირობებში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობაზე კომენტარი გააკეთა.
როგორც კოსმა აღნიშნა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი რთულდება ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციისა და იმ ფაქტის გამო, რომ რუსეთმა ეს რეგიონები საკუთარ კონსტიტუციაში შეიყვანა.
კითხვაზე – შესაძლებელია თუ არა, რომ უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი აქტიური ომის დროს? პუტინს შეუძლია წლების განმავლობაში გააგრძელოს ომი. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ამით ის დე ფაქტო ვეტოს ადებს უკრაინის წევრობას? – მარტა კოსმა უპასუხა:
არა, პუტინს არასდროს ექნება ვეტოს უფლება უკრაინის მომავალზე. თქვენი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი არის თემა, სადაც მას სიტყვა არ ეთქმის.
დიახ, იმის გამო, რომ თქვენი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და რუსეთმა ის უკანონოდ შეიყვანა თავის კონსტიტუციაში, თქვენი გაწევრიანება რთულდება. თუმცა, ევროკავშირს აქვს მოქნილობის დიდი სივრცე და ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ სამუშაო გადაწყვეტილებები ყველაზე რთული გამოწვევებისთვისაც კი.
შეგახსენებთ: ჩვენ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ მაშინ, როდესაც თქვენი ქვეყნის ნაწილი უკვე ოკუპირებული იყო. მეტიც, ჩვენ ეს მათ შორის უკრაინის ნაწილის ოკუპაციის საპასუხოდაც გავაკეთეთ.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ თქვენ უნდა გახდეთ ევროპული ოჯახის წევრი. და ვერავინ წაგართმევთ თქვენ და თქვენს ხალხს უფლებას, თავად გადაწყვიტოთ საკუთარი მომავალი. მაშინაც კი, თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ უკრაინელებს ამ საკითხზე ხმა არ მიუწვდებათ.
