სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნის ვახტანგ კაპანაძის გამოკითხვა, უწყებაში გუშინ, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სუსიდან გამოსულმა ყოფილმა გენერალ-მაიორმა განაცხადა, რომ გამოძიებას ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა, ხოლო „ქრონიკის“ კითხვაზე, თუ რა ტიპის ინფორმაცია მიაწოდა მან გამოძიებას, პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
კაპანაძესთან კითხვები გამოძიებას საჯარო განცხადებასთან დაკავშირებით ჰქონდა – მწვავე კონფლიქტის ფონზე, მან პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ირანის ადგილას ის დაარტყამდა საქართველოს, რადგან თუკი ირანის ინტერესია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე დარტყმა, აქ ყველაზე დაუცველი ნაწილი საქართველოა.
„კითხვები დაკავშირებული იყო ჩემ გამოსვლასთან. როგორც მოწმე, ისე ვიყავი დაბარებული ზოგადად არსებულ ვითარებაზე“, – აღნიშნა კაპანაძემ.
