უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო უკრაინას უნგრეთის გაზის გარეშე დატოვების მცდელობაში ადანაშაულებს.
როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში წერს, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე თავს დაესხა „თურქული ნაკადის“ გაზსადენის ინფრასტრუქტურას, რომელიც დღეისათვის უნგრეთის გაზით მომარაგების ერთადერთი წყაროა.
სიიარტო კიევის ქმედებას უნგრეთის სუვერენიტეტის შელახვად აფასებს.
„უკრაინამ იერიში მიიტანა რუსეთში გაზსადენ “თურქული ნაკადის“ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც უნგრეთის გაზით მომარაგების გარანტიას წარმოადგენს. „თურქული ნაკადის“ გარეშე უნგრეთს, როგორც გეოგრაფიული, ისე ფიზიკური თვალსაზრისით, არ შეუძლია გაზის უსაფრთხოდ მიღება. სანავთობო ბლოკადა გაზსადენ „დრუჟბის“ გავლით, ახლა კი ეს დარტყმა „თურქულ ნაკადზე“ ჩვენს სუვერენიტეტზე სერიოზული თავდასხმაა“, – დაწერა სიიარტომ.
