უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის მიერ რუსული ნავთობისთვის სანქციების შემსუბუქება გააკრიტიკა.
მისივე თქმით, ეს რუსეთს ომის გასაგრძელებლად ათ მილიარდ დოლარამდე დამატებით გამომუშავების საშუალებას მისცემს.
„მნიშვნელოვანია, რომ რუსეთზე ამ ომის გამო ზეწოლა გაგრძელდეს, რათა მივაღწიოთ ნამდვილ უსაფრთხოებას და მდგრად მშვიდობას. ჩვენ უნდა დავძლიოთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის დაბლოკვა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკამ გადაწყვიტა, ნაწილობრივ შემსუბუქებულიყო ზღვაში ტანკერებზე შენახული რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები. მხოლოდ ამერიკის მიერ ამ შემსუბუქებამ, შეიძლება, რუსეთს ომისთვის დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი მისცეს. ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს მშვიდობას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადასაფრანგეთსა და პირადად ემანუელ მაკრონს უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის.
„რა თქმა უნდა, დღესაც და ყოველთვის, ემანუელთან ერთად ვინარჩუნებთ არსებით კოორდინაციას უკრაინაში ჩვენს დაცვასა და თავდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენ მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ ერთობლივ თავდაცვით წარმოებას. მნიშვნელოვანია, რომ ომთან დაკავშირებით რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდეს ნამდვილი უსაფრთხოებისა და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. ევროკავშირის და მსოფლიოს სხვა პარტნიორების გადაწყვეტილება მტკიცე უნდა დარჩეს – ის ისე უნდა მუშაობდეს, რომ რუსეთს ილუზიები არ ჰქონდეს. რუსეთმა ეს ომი უნდა დაასრულოს. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამ ძალისხმევაში გვეხმარება“, – წერს ზელენსკი.
