გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს ახალი ბრალდებები წაუყენეს, რომ ის 1980-იან წლებში იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა. გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ეს საკითხი გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ ახალი მტკიცებულებები აქვს.
ბრალდებები, რომლებიც პირველად 2024 წელს ევროპარლამენტში სლოვენიელი კომისრის დამტკიცების მოსმენაზე გაჟღერდა და რომლებიც კოსმა მაშინ უარყო, ისევ გაისმა სლოვენიაში 22 მარტის არჩევნების წინ და ამჯერად, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის პარტიაც უჭერს მხარს.
POLITICO-ს ცნობით, სლოვენიელმა ევროპარლამენტარმა რომანა ტომცმა „ევროპის სახალხო პარტიის“ (ევროპარლამენტში ყველაზე დიდი ჯგუფი) ვიცე-პრეზიდენტმა, ხუთშაბათს განაცხადა, რომ კომისიას წერილით მიმართა. წერილში ის ამტკიცებს, რომ აქვს ახალი მტკიცებულებები კოსის იუგოსლავიის სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობის შესახებ და მოითხოვს გამოძიების დაწყებას.
ტომცმა POLITICO-ს განუცხადა, რომ კოსი გულწრფელი არ იყო, როდესაც „ამტკიცებდა, რომ საიდუმლო სამსახურთან არ თანამშრომლობდა” და „ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით რაღაც უნდა გაკეთდეს.“
„ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელმა განაცხადა: „რომანა ტომცი მუდმივად აწვდიდა მათ ჯგუფს ინფორმაციას კომისარ მარტა კოსთან დაკავშირებული უახლესი გარემოებების შესახებ. ჯგუფი საკითხს ყურადღებით შეისწავლის. ამ ეტაპზე აღვნიშნავთ, რომ კომისარ კოსს ეს ახალი გარემოება არ უარუყვია. ახლა ბურთი მის მოედანზეა.“
კოსმა POLITICO-ს არაერთ თხოვნას კომენტართან დაკავშირებით, არ უპასუხა, თუმცა, ევროკომისიის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ კოსმა „კომისრად დანიშვნამდე გაიარა შემოწმების ვრცელი და საფუძვლიანი პროცესი“ და დასძინა, რომ ევროპარლამენტმა „კომისარ კოსის დანიშვნა იმავე პროცედურით დაამტკიცა, როგორც ყველა 27 კომისრის შემთხვევაში.“
კომისრის ოფისთან დაახლოებულმა პირმა, რომელმაც ანონიმურად საუბარი ისურვა ბრალდებების მგრძნობიარობის გამო, POLITICO-ს უთხრა: „ის [კოსი] კარგად აცნობიერებს, რომ პოლიტიკური ოპონენტები ამგვარ საკითხებს სლოვენიის არჩევნებში ქულების დასაწერად გამოიყენებენ, თუმცა ის სრულად კონცენტრირებულია თავის საქმეზე, როგორც გაფართოების კომისარი.“
კოსი ორშაბათს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე წარდგება გაფართოების საკითხზე სასაუბროდ და მოსალოდნელია, რომ ბრალდებებთან დაკავშირებულ კითხვებსაც უპასუხებს.
ევროპარლამენტარმა ტომცმა, სლოვენიელი ავტორის, იგორ ომერზას წიგნი წარადგინა, სადაც წარმოდგენილი იყო დოკუმენტები, რომლებიც, მათი თქმით, ადასტურებდა კოსის იუგოსლავიის სადაზვერვო სააგენტოსთან თანამშრომლობას.
