უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას „სანტა-ბარბარა“ უწოდა.
მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული შეიარაღებული კონფლიქტის გამო უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
როგორც ზელენსკის აღნიშნა, ამერიკულმა მხარემ უკრაინას სთხოვა, რომ ირანში კონფლიქტის გამო მოლაპარაკებები დროებით გადაედოთ.
„ახლო აღმოსავლეთში ომის გამო ჩვენს მოლაპარაკებებში „სანტა-ბარბარაა“. ამერიკელებმა თქვეს, რომ მზად არიან შეხვედრისთვის, მაგრამ მზად არიან გამართონ შეხვედრა მხოლოდ ამერიკაში, იმიტომ რომ ომი და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება მათ აშშ-ის ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინამ დაადასტურა, რომ დელეგაცია მზად არის ჩაფრინდეს მაიამიში ან ვაშინგტონში, თუმცა რუსული მხარე ამერიკაში გამგზავრებაზე უარს ამბობს და მოლაპარაკებების გამართვას თურქეთში ან შვეიცარიაში სთავაზობს. ამერიკელებმა ამაზე უარი განაცხადეს.
„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ მზად ვართ შეხვედრისთვის მომავალ კვირას. ვემზადებით შეხვედრისთვის ამერიკაში, შვეიცარიაში და თურქეთში, თუ საჭირო გახდება, საამიროებშიც კი“, – დასძინა მან.
