ეს არის დაახლოებით 20 კვადრატული კილომეტრი ფართობის მიწის ზოლი, რომელიც ირანის სანაპიროსთან ახლოს, ქალაქ ბუშირის მოპირდაპირედ მდებარეობს. კუნძული ხარგი რუკაზე, შესაძლოა, შეუმჩნეველიც კი იყოს, მაგრამ მისი მნიშვნელობა უდიდესია. აქ განთავსებულია ობიექტების მჭიდრო ქსელი, რომელიც ირანის ნავთობინდუსტრიის გულს წარმოადგენს.
ირანული ნავთობის ჰაბი
ირანი, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (ოპეკი) წევრ ქვეყნებს შორის, წარმოების მოცულობით, მესამე ადგილზეა. ის მსოფლიო ნავთობის მიწოდების დაახლოებით 4.5%-ს უზრუნველყოფს, დღეში დაახლოებით 3.3 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს, პლუს 1.3 მილიონ ბარელ კონდენსატსა და სხვა ნავთობპროდუქტებს აწარმოებს.
ამ ნავთობის 90 პროცენტი კუნძულ ხარგის გავლით ტრანსპორტირდება, სადაც ძვირფასი „შავი ოქრო“ მილსადენებით ირანის ძირითადი საბადოებიდან, კერძოდ – აჰვაზიდან, მარუნიდან და გაჩსარანიდან მოედინება. ასე რომ, კუნძული ირანის ეკონომიკას გლობალურ ეკონომიკასთან აკავშირებს.
ამერიკულ-ისრაელურ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, ირანმა ხარგიდან ნავთობის ექსპორტი მკვეთრად გაზარდა და თითქმის სარეკორდო ნიშნულამდე აიყვანა.
ამერიკული კორპორაცია JP Morgan-ის მონაცემების თანახმად, 15-დან 20 თებერვლამდე პერიოდში, აქ დღეში 3 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი იტვირთებოდა, რაც მის ჩვეულებრივ საექსპორტო მაჩვენებელს (დღეში 1.3-დან 1.6 მილიონ ბარელამდე) თითქმის სამჯერ აღემატება.

ამერიკული სამიზნე
თუ ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი კუნძულ ხარგის პორტს ხელთ იგდებენ, ირანის ნავთობის ექსპორტის პარალიზება მოხდება, ხოლო წარმოება განახევრდება.
„თუ კუნძულს ხარგს დაიკავებთ, თქვენ ირანის შემოსავლების ნაკადის, უბრალოდ, პარალიზებას მოახდენთ“
ასეთმა პოტენციურმა ოპერაციამ მიმდინარე კონფლიქტზე, შესაძლოა, უსწრაფესი სტრატეგიული და ეკონომიკური გავლენა მოახდინოს. „თუ ხარგის კუნძულს დაიკავებთ, თქვენ ირანის შემოსავლების ნაკადის, უბრალოდ, პარალიზებას მოახდენთ“, – ამბობს პარიზში დაფუძნებული საერთაშორისო და სტრატეგიულ ურთიერთობათა ინსტიტუტის (Iris) დირექტორი კვლევების დარგში, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ემანუელ ჰაში.
1979 წლის „მძევლების კრიზისის“ დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯიმი კარტერმა სანქციები დააწესა ირანის წინააღმდეგ, მაგრამ კუნძულისთვის დარტყმების მიყენებისგან თავი შეიკავა. მისმა მემკვიდრემ, რონალდ რეიგანმა, 1980-იანი წლების ირან-ერაყის „ტანკერების ომის“ დროს, ყურადღება ნავიგაციის უსაფრთხოებასა და ირანული გემებისა და სარაკეტო ბატარეების განადგურებაზე გაამახვილა, ხოლო ხარგი ხელუხლებელი დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახლა დონალდ ტრამპი მზად არის ამ ნაბიჯის გადასადგმელად. საინფორმაციო ვებსაიტ Axios-ის ცნობით, შაბათს, 7 მარტს, აშშ-ის ადმინისტრაციამ კუნძულზე კონტროლის დამყარების საკითხი განიხილა.
იმავე დღეს, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გამოვიდა მოწოდებით, კუნძული ხარგი მიზანში ამოიღონ. „ჩვენ უნდა გავანადგუროთ კუნძულ ხარგზე არსებული მთელი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რათა ირანის ეკონომიკა მუხლებზე დავაჩოქოთ“, – დაწერა იაირ ლაპიდმა სოციალურ ქსელ X-ში.
ბუმერანგის ეფექტი
მაშ, რატომ არ ხდება თავდასხმა ირანის ეკონომიკის ამ ნერვულ კვანძზე?
უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია უსაფრთხოების ასპექტები. „კუნძული ხარგი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული კუნძულია ირანში. ეს კუნძული რეჟიმის სიმბოლო და რევოლუციური გვარდიის შემოსავლის წყაროა“, – განმარტავს ემანუელ ჰაში.
მეორე მხრივ, არსებობს გლობალურ ეკონომიკაზე ბუმერანგის ეფექტის შიში. „ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯაჭვური ეფექტის ეშინია. კუნძულ ხარგის დაბომბვის შემთხვევაში, არსებობს რამდენიმე საათში ნავთობის ფასების საკმაოდ მკვეთრი ზრდის რისკი, რადგან მსოფლიო ბაზარს 1.6 მილიონი ბარელი ნავთობი დააკლდება. ეს ბაზარი კი ამის გარეშეც ისედაც საკმაოდ დაძაბულია“, – ამბობს Iris-ის დირექტორი.
დაბოლოს, კუნძულზე თავდასხმა ირანის მომავალი რეჟიმისთვის, შესაძლოა, შემაფერხებელი ფაქტორი გახდეს. „თუ რეჟიმი შეიცვლება, ვფიქრობ, შეერთებულ შტატებს ენდომება, რომ ირანმა თავისი ეკონომიკური მდგომარეობის სწრაფად აღდგენა შეძლოს. ასე რომ, თუ თქვენ მთავარ საექსპორტო ობიექტს დაბომბავთ, მომავალ მთავრობას პოტენციურად დიდ შემოსავალს წაართმევთ“, – დასძენს ემანუელ ჰაში.
https://www.rtbf.be/article/l-ile-iranienne-de-kharg-cible-strategique-au-c-ur-de-la-guerre-au-moyen-orient-11692634
