ნიდერლანდების პარლამენტში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გამოსვლას და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორის ეკა გიგაურის და „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ წარმომადგენელის გიორგი რუხაძის მიერ, საერთაშორისო აქტორებისთვის მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოწოდებას პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეკა გიგაური არის პიროვნება, რომელიც უცხოეთიდან იღებს არამხოლოდ დავალებებს, არამედ უხვ დაფინანსებასაც.
„ეკა გიგაური არის ის პიროვნება, რომელიც უცხოეთიდან იღებს არამხოლოდ დავალებებს, არამედ უხვ დაფინანსებასაც. მისი გამოსვლა ნიდერლანდების საკანონმდებლო ორგანოში ემსახურება ერთ-ერთი დავალების შესრულებას, რომელიც მას აქამდეც არაერთი ჰქონდა. ეკა გიგაური და მისნაირები ითხოვენ დახმარებას. ეს თხოვნა არის გამიზნული იმისთვის, რომ მათ მიეცეთ გარკვეული ლეგიტიმაცია, ვგულისხმობ უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ მორალური მცირეოდენი გამართლება მაინც ჰქონდეთ, რატომ ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში. რეალურად მათი ეს ქმედება არის მავნებლობა ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც შედეგს არ გამოიღებს. კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ ქვეყნის წინააღმდეგ კიდევ მოქმედებენ ის ძალები, რომელთაც საქართველოს ეროვნული ინტერესები, პირველ რიგში მშვიდობა და სტაბილურობა არ მოსწონთ,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
