აშშ არ შეასრულებს ცეცხლის შეწყვეტის პირობების საკუთარ ნაწილს, თუ ირანი არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ბუდაპეშტიდან გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ ნიშნებს, რომ სრუტე იხსნება. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ შევთანხმდით ცეცხლის შეწყვეტაზე და მოლაპარაკებებზე. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ხოლო მათ სრუტე უნდა გახსნან. ეს თუ არ მოხდება, თუ ირანი არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, პრეზიდენტიც არ დაიცავს თავის ნაწილს“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ვენსის თქმით, აშშ მზად არის, ბევრი რამ შესთავაზოს ირანს, თუ ის კეთილსინდისიერად აწარმოებს მოლაპარაკებებს, მათ შორის, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.
„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ ჩვენ არ გვინდა, ირანი ამდიდრებდეს ურანს იმ დონემდე, რომელიც ბირთვული იარაღის შექმნისთვის არის შესაბამისი. ჩვენ ასევე გვინდა, რომ ირანმა ბირთვული საწვავი დათმოს. ეს იქნება ჩვენი მოთხოვნები მოლაპარაკებებზე. მაგრამ ვნახოთ, რაზე უარის სათქმელად არიან მზად ირანელები. ისინი კეთილსინდისიერად თუ შეეცდებიან, მოგვცენ ის, რაც საჭიროა წარმატებული მოლაპარაკებებისთვის, ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მეორე მხრიდანაც ბევრი რამ იქნება“, – აღნიშნა ვენსმა.
