ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს აზიის განვითარების ბანკთან, მსოფლიო ბანკთან, აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, რომელიც მუშაობს ქვეყანაში, სამაგალითო თანამშრომლობა გვაქვს. ფინანსთა სამინისტროს ეს საკითხი ძალიან წარმატებულად მიჰყავს და ამის ერთ-ერთი დადასტურებაა სწორედ IMF-ის მისიის ბოლო ანგარიში, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“.
მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოზე დადებითი ანგარიში მოამზადა, რაც საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი საფინანსო პოლიტიკის შედეგია.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან. ძალიან დადებითი დასკვნა არის მომზადებული. მანამდე ისინი იმყოფებოდნენ ფაქტების დამდგენი მისიით საქართველოში. ჩვენ ვისაუბრეთ, სახელმწიფო საწარმოებში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე. ისინი კმაყოფილები იყვნენ, იმიტომ, რომ მთავრობა რასაც ახორციელებს, მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში სიტუაცია იყოს მყარი და ეს მაკროეკონომიკური პარამეტრები იქნას შენარჩუნებული. კორუფციასთან ბრძოლაც ამ ყველაფერთან არის დაკავშირებული. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს აზიის განვითარების ბანკთან, მსოფლიო ბანკთან, აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, რომელიც მუშაობს ქვეყანაში, სამაგალითო თანამშრომლობა გვაქვს. ფინანსთა სამინისტროს ეს საკითხი ძალიან წარმატებულად მიჰყავს და ამის ერთ-ერთი დადასტურებაა სწორედ IMF-ის მისიის ბოლო ანგარიში“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
