ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება კვლავ პოლიტიკური განხილვის თემად რჩება.
საკითხს გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.
პარტია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა მიიჩნევს, რომ ეს განცხადება “ქართული ოცნების” მიმართ მკაცრი პოლიტიკური გადაწყვეტილებების წინაპირობაა, რაშიც იგულისხმება სანქციებიც.
“სწორედ ამაზე საუბრობს ევროკავშირის ელჩი, რომ ახლა არამხოლოდ მსუსხავი ეფექტის ნაბიჯებს ვიხილავთ, არამედ დამანგრეველი ძალის გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ბრიუსელში და ამ ნანგრევებში მოჰყვება მთლიანად “ქართული ოცნება”. ვგულისხმობ არამხოლოდ სანქციებს, არამედ, მათ შორის, იქნება სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც,” – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
პარტია “გირჩის” სათათბიროს წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, ევროკავშირის ელჩმა განცხადება უნდა განმარტოს.
“არაპროფესიონალური განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმა, რადგან შეიძლება მთავრობა არ მოსწონდეს ევროკავშირს და ეს გასაგებია, მაგრამ არა მგონია, რომ ასეთმა განცხადებამ ქართველი ხალხის თვალში გააუმჯობესოს ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულება. ამიტომ, ალბათ უკეთესი იქნება, რომ ელჩმა განმარტება გააკეთოს,” – აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საკუთარი განცხადებით ძალადობა, სამოქალაქო ომი და სიღარიბე ევროპული მომავლის ალტერნატივად წარმოაჩინა და თქვა, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდება, საქართველო ეკუთვნის ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ ბრუნდება ბნელ წარსულში.
