2012 წლიდან დაიწყო სოფლის მეურნეობამ, როგორც სექტორმა, განვითარება საქართველოში. მანამდე სოფლის მეურნეობა იყო სრულად მორღვეული და “ქართული ოცნების” პირობებში მოხდა ამ მიმართულებაზე განსაკუთრებული ყურადღების ფოკუსირება, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
მისივე თქმით, 2012 წლიდან 2017 წლამდე ზრდის ნელი ტეპი ფიქსირდებოდა, შემდეგ ზრდა უფრო სწრაფი გახდა.
“აგროსასურსათო პროდუქტის წარმოება და ყოველწლიურად 7-8%-ით იზრდება. ჯამში უნდა ავღნიშნო, რომ 10-15 წელიწადში ერთხელ ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როდესაც ხდება პოლიტიკის გადახედვა სრულად სოფლის მეურნეობაში. ის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ის მიწოდების ჯაჭვის რღვევა, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობს, ფასების ზრდა, როგორც საწვავზე ასევე სასუქზე და პესტიციდებზე, ეს ყველაფერი ერთ-ერთი ნიშვნელოვანი მდგენელია სოფლის მეურნეობის პროდუქციის. შესაბამისად ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მეტად დააჩქარა სოფლის მეურნეობის პოლიტიკის გადახედვა. დღევანდელ სამყაროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევა, ზუსტად ამიტომ ჩვენს შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი ამაზე გაკეთდა. თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის კიდევ უფრო გაუმჯობესება და ექსპორტის ზრდის წახალისება, ეს არის მიმართულებები, რომელიც განსაკუთრებული ფოკუსირების და აქცენტის საგანია. ზუსტად ამას ემსახურება სოფლის მეურნეობის პოლიტიკის გადახედვა”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
მინისტრის განმარტებით, ამ პერიოდში სოფლის მეურნეობის განვითარების ტემპმა ქვეყანას შესაძლებლობა მისცა, რომ ათი ყველაზე მსხვილი საექსპორტო პროდუქტიდან ხუთი აგროსასურსათო პროდუქტი იყოს.
“ეს არის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომელიც აქამდე განხორციელდა, თუმცა ამას დღევანდელი გარემოპირობებიდან გამომდინარე სჭირდება სხვა გარდაქმნა, შესაბამისად ამას სჭირდება ახალი რეფორმა, რომელიც ეფუძნება იმპორტის ჩანაცვლებას და ესპორტის წახალისებას”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
