„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები გრძელდება. შეხვედრა ბორჯომში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან გაიმართა.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და მმართველთა საბჭოს წევრებმა ახალგაზრდებთან კომუნიკაციისას მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. სტუდენტებთან ღია და აქტიური კომუნიკაცია ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რაც მათი ჩართულობის ზრდას ისახავს მიზნად როგორც პოლიტიკურ, ისე ქვეყნის განვითარების პროცესებში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და გეოპოლიტიკურ ვითარებას.
კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ახალგაზრდებმა მნიშვნელოვანი საკითხები წამოჭრეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს. კითხვები დაისვა ევროინტეგრაციის მიმართულებით და ბოლო პერიოდში მიღებულ რამდენიმე კანონთან დაკავშირებით, მათ შორის, როგორიცაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
„დაინტერესება საკმაოდ დიდია. ყოველი შეხვედრის შემდეგ მსურველების რაოდენობა იმატებს. ჩვენი მთავარი გზავნილი და ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტი დისკუსია იყოს ახალგაზრდებს შორის და მეტად იყვნენ ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
„სამცხე-ჯავახეთში გამართული შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენი გუნდისთვის. შეხვედრაზე გაჟღერდა ახალგაზრდებისთვის აქტუალური საკითხები. დრო დაეთმო დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ეს არ გახლავთ ერთჯერადი შეხვედრა, არამედ ეს არის საწყისი იმისა, რომ ამ შეხვედრაზე გაჟღერებული იდეები და გამოწვევები უკვე სამუშაო რეჟიმში გადავა“, – აღნიშნა მარიამ გრიგოლიშვილმა.
„ახალგაზრდებმა გამოთქვეს განსხვავებული იდეები, მათ შორის, არ მოერიდნენ კრიტიკული შეკითხვების დასმას და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს განსხვავებული იდეები, ხედვები და მოსაზრებები იქცეს არა დაპირისპირების საფუძვლად, არამედ დიალოგის ფორმატი მივცეთ ამ ყველაფერს და ჩვენი კონფერენციებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, – აღნიშნა თეკლა თიკანაშვილმა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები რეგიონებში 28 მარტს დაიწყო. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გარდა, შეხვედრები გაიმართა გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში. ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. ორგანიზაციის წარმომადგენლები ათივე რეგიონს მოივლიან და სტუდენტებს თითოეული მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ქალაქებში შეხვდებიან.





















