მათ სურთ აგენტებით დაკომპლექტებული ხელისუფლება, რომელიც პროქსიპოლიტიკის გამტარებელი იქნება საქართველოში, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას გადაცემაში „EURO ანატომია“.
მან ისაუბრა, სჭირდება თუ არა ევრობიუროკრატიას საქართველოში მორჩილი ხელისუფლება. მაჭავარიანმა 2024 წლის არჩევნები გაიხსენა და აღნიშნა, რომ არჩევნებზე ბრიუსელისგან რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ უპრეცედენტო ჩარევის ფაქტი დაფიქსირდა. მაჭავარიანის განმარტებით, არჩევნების შემდეგაც ევრობიუროკრატები საპროტესტო აქციებზე საპარლამენტო დელეგაციებსაც აგზავნიდნენ.
„ეს არის პირდაპირი ჩარევა. ერთადერთი მიზეზია, მათ სურთ აგენტებით დაკომპლექტებული ხელისუფლება, რომელიც პროქსიპოლიტიკის გამტარებელი იქნება საქართველოში – ეს იქნება ომთან მიმართებაში, „შუა დერეფანთან“ თუ სხვა საკითხებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, მათ არ სურთ ეროვნული ხელისუფლება და მათ სურთ, იყოს ისეთი ტიპის ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში, გაითვალისწინებს ბრიუსელის ინტერესებს, აბსოლუტურად დათმობს სუვერენიტეტს, როგორც ეს იყო „ქართული ონების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე არ იხელმძღვანელებს. „ქართული ოცნება“ მათ ამაში არ ადგებათ, ბევრჯერ დარწმუნდნენ. ჩვენ ვერ გადაგვადგმევინეს ჩვენი ქვეყნისთვის საწინააღმდეგო ნაბიჯები და აქედან გამომდინარე, ისინი ცდილობენ, რომ ეს რადიკალები მოიყვანონ ხელისუფლებაში“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
