ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე აკადემიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ სიტყვით მიმართა აკადემიის პირად შემადგენლობას და თავდაცვის ძალების დღე მიულოცა: ბატონო ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო, რიგითებო, იუნკერებო, მსმენელებო, ბატონებო და ქალბატონებო, გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილეს! — დღეს, რომელიც საამაყოა თითოეული ჩვენთაგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის!
საქართველოს თავდაცვის ძალები ჩამოყალიბების დღიდან მტკიცედ დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის სადარაჯოზე. მისი პროფესიონალიზმი, სიმამაცე და ერთგულება არის ჩვენი სახელმწიფოს მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი საყრდენი. თითოეული სამხედრო მოსამსახურე თუ სამოქალაქო პირი თავისი ყოველდღიური საქმიანობით ამტკიცებს, რომ სამშობლოს დაცვა უდიდესი ღირსებისა და პასუხისმგებლობის საქმეა.
საამაყოა, რომ აკადემიას განსაკუთრებული წვლილი შეაქვს თავდაცვის ძალების განვითარებაში – ჩვენ ვზრდით პროფესიონალ ოფიცრებს, რომლებიც ღირსეულად აგრძელებენ სამხედრო ტრადიციებს და მზად არიან, ემსახურონ საქართველოს. თავდაცვის ძალების სიძლიერე განათლებულ, დისციპლინირებულ და პატრიოტ ოფიცერთა კორპუსშია. აკადემია არის სწორედ ადგილი, სადაც ყალიბდება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოფიცერთა კორპუსი.
სწავლა, დისციპლინა და სამშობლოსადმი სიყვარული – ამ ფასეულობებით იქცევა იუნკერი თავდაცვის ძალების ოფიცრად და ჩვენი ქვეყნის სიძლიერის სიმბოლოდ. ხარისხიანი სამხედრო განათლება კი ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია. ეროვნული თავდაცვის აკადემია აგრძელებს ღირსეული ლიდერების აღზრდას ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალებისთვის.
დღევანდელი დღე არის აღიარება იმ თავდადებისა, რომელსაც ყოველდღიურად იჩენს თითოეული ოფიცერი, სერჟანტი, ჯარისკაცი თუ სამოქალაქო პირი. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ვეტერანებს – ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებითა და სამშობლოსადმი ერთგულებით შექმნეს ძლიერი საფუძველი მომავალი თაობებისთვის.
აქვე მინდა ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო დაჭრილ-დასახიჩრებული მებრძოლების მიმართ, რომლებიც დღემდე აგრძელებენ მსახურს თავდაცვის ძალებში და დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებიან ამ ღირშესანიშნავ ღონისძიებაზე.
დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იმ გმირებს, რომელთა თავდადებამაც მოგვიყვანა დღემდე. ჩვენი ვალია, გავაგრძელოთ მათი დაწყებული საქმე ღირსებით და მაღალი პროფესიონალიზმით.
ქედს ვიხრი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ბრძოლებში და სამშვიდობო მისიებში, სამშობლოსათვის დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ მინისტრს, თავდაცვის ძალების მეთაურს და სამინისტროსა და თავდაცვის ძალების მთელს პირად შემადგენლობას მუდმივად გვერდში დგომის, გამოცხადებული მაღალი ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რამაც განაპირობა აკადემიის ინსტიტუციური განვითარება, როგორც სამხედრო, ასევე აკადემიური, სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით.
ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო აკადემიის თითოეულ თანამშრომელს, სამხედრო ინსტუქტორებს, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს, იუნკერებსა და მსმენელებს, ერთგული და დაუღალავი შრომისათვის.
გისურვებთ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის სამსახურში და კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს!”.
ღონისძიების ფარგლებში ფასიანი საჩუქრებით და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ აკადემიის სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
05.05.2026 14:08:15
კომენტარები
ნანახია: 5 ჯერ
