მაშინ პარლამენტის თანამშრომლების სწრაფი რეაგირება რომ არა, შეიძლებოდა, პარლამენტი გადამწვარიყო და მართლა 90-იანი წლების იმ ბნელ წარსულში დავბრუნებულიყავით, ჰერჩინსკი რომ გვიწინასწარმეტყველებს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
მან ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად, 2024 წლის საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა და საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობის გამოძიებისა და დამნაშავეების დადგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ასახულია პარლამენტის შენობაზე და პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტები.
„არის კადრი, როგორ ესვრიან მაშხალებს პარლამენტის შენობის სამუშაო ოთახებს და როგორ ეკიდება ცეცხლი. ის ადამიანი, ვინც პარლამენტის რამდენიმე სამუშაო ოთახი გადაწვა, დღემდე არ არის გამოვლენილი.
საჯარო კადრები რაც არის, ისიც საკმარისია, რომ დავინახოთ ფაქტები, სადაც იყო [სამართალდაცველების მხრიდან] უფლებამოსილების გადამეტება, ხედავთ, რომ უმეტესი შემთხვევა უკვე გამოვლენილია და ადამიანები, ვინც ამ მომენტებში უფლებამოსილებას გადაამეტა, დაკავებულები არიან. არის კიდევ რამდენიმე კადრი და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დადგინდეს, ისევე, როგორც მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს პარლამენტის შენობაზე და პოლიციელზე ყველა თავდამსხმელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მაშინ პარლამენტი შენობა გადაწვას პარლამენტის თანამშრომლების სწრაფი რეაგირების შედეგად გადაურჩა.
„მაშინ პარლამენტის თანამშრომლების სწრაფი რეაგირება რომ არა, შეიძლებოდა, პარლამენტი გადამწვარიყო და მართლა 90-იანი წლების იმ ბნელ წარსულში დავბრუნებულიყავით, ჰერჩინსკი რომ გვიწინასწარმეტყველებს. უშუალოდ, ის ადამიანები, ვინც ეს ოთახები გადაწვა და ცეცხლი წაუკიდა, დღემდე არ არიან გამოვლენილი. წელიწადნახევარზე მეტი გავიდა და არ არიან გამოვლენილი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კამერა იყო იქ როგორც სამართალდამცავი ორგანოების, ისე თქვენი [მედიის] კამერები იყო.
პროკურატურა ყველაფერს დაადგენს მტკიცებულებების იმ სტანდარტით, რაც კანონის უზენაესობის მქონე ქვეყნისთვის არის შესაბამისი. ის, რომ პროკურატურამ ბრალი წარუდგინა რამდენიმე პირს და უფლებამოსილების გადამეტების რამდენიმე ფაქტის, რაც მაშინ დაფიქსირდა, უმეტესობა გახსნილია, მეტყველებს, რომ სახელმწიფო მოწადინებულია, იყოს თანასწორი მიდგომა ყველას მიმართ. ასევე იმედი მაქვს, რომ დადგინდება ყველა ის მოძალადე, რომელიც პოლიციელებზე ძალადობდა, პარლამენტის შენობის დაწვას ცდილობდა და სამწუხაროდ, დღემდე არ არიან გამოვლენილი ისინი, ვინც ლამის გადაწვეს პარლამენტი, ნახევარმილიონიანი ზიანი მიაყენეს პარლამენტს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
