„ნაციონალური“ რეჟიმის მსხვერპლის მამუკა ტუსკაძის განცხადებით, როდესაც ის ციხეში იჯდა, წარმოუდგენელი ანგარიშსწორების ობიექტი იყო.
ამის შესახებ ტუსკაძე გაზეთ „ახალ თაობას“ ესაუბრა.
„ყოფილი პოლიტპატიმარი ვარ. ორი ნეკნი მაქვს ჩამტვრეული და ტუბერკულოზის კურსი მაქვს ჩატარებული იმ დროს, როცა საერთოდ არასოდეს მქონია ტუბერკულოზი. ნემსებს ძალით მიკეთებდნენ. დოკუმენტებიც მაქვს, რომ სრულიად ჯანმრთელი ვარ და არც არასდროს მქონია ტუბერკულოზი.
მათ უბრალოდ ჩემი მოკვლა უნდოდათ და „მმკურნალობდნენ“ ტუბერკულოზის ცენტრში. 60 ნემსი უნდა გაეკეთებინათ. ამიტომ ვშიმშილობდი, ნემსი არ გამიკეთოთ-მეთქი, მაგრამ 30 ნემსი მაინც გამიკეთეს. ამის დოკუმენტები მაქვს, მაგრამ არავინ იძიებს, არც არავის აინტერესებს.
„ოცნება“ იმიტომ მოვიდა, სამართლიანობას აღვადგენო. ჩემსავით უამრავი ადამიანია ნაწამები, უამრავი ადამიანი დახოცეს, უამრავ ადამიანს მოკვლას უპირებდნენ, მაგრამ დღემდე არ გამოიძიეს, სად, ვინ და რატომ გააკეთა ეს ყველაფერი“ – აცხადებს მამუკა ტუსკაძე.
ყოფილი პოლიტპატიმარი აღნიშნავს, რომ პატიმრების წამების ძალიან ბევრი ფაქტია, მაგალითად, ლევან ცინდელიანის წამების ფაქტია აღსანიშნავი, რომელიც სასამართლომაც კი აღიარა დაზარალებულად.
„ერთი მხრივ, სასამართლომ იმსჯელა და დაადგინა, რომ ის დაზარალებულია. თანხაც დაუდგინა, მაგრამ, მეორე მხრივ, დამზარალებელი დაჭერილი კი არა, დაკითხულიც არ არის. აბსურდული ვითარებაა. თუ დაზარალებული ვარ, ვინც დამაზარალა, მის მიმართ რაღაც სამართლებრივი რეაგირება ხომ უნდა იყოს. დამზარალებელი ისევ იქ მუშაობს“ – აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.
მისივე თქმით, თავის დროზე დაახლოებით ნიურნბერგის მსგავსი სასამართლო პროცესი უნდა შემდგარიყო.
„თუმცა დღესაც არ არის გვიან. უნდა გასამართლდნენ არა მხოლოდ ის ადამიანები, არამედ სისტემაც. ერთხელ და საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოში 2005-2012 წლებში იყო რეჟიმი, ტოტალიტარული მმართველობა და არადემოკრატიული მთავრობა. ამაზე პარლამენტმა რეზოლუცია უნდა მიიღოს.
მის საფუძველზე უნდა მომზადდეს კანონი, რომელიც იქნება 2005-2012 წლებში, სააკაშვილის რეჟიმის დროს რეპრესირებულ ადამიანთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ. ვინც სასამართლოს მეშვეობით დაადასტურებს, რომ მან მიიღო არა მხოლოდ მორალური, არამედ ფიზიკური ზიანი – ნეკნები ჩაუმტვრიეს, ტუბერკულოზი დამართეს, მოკვლა უნდოდათ ან მოკლეს, მის მიმართ სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებები უნდა გატარდეს.
სააკაშვილის რეჟიმის დროს დაახლოებით 1.000 კაცია მოკლული. სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ერთხელ განაცხადა, ციხეებში ასაკით იხოცებიან, 80 წლის პატიმრები გვყავდა და ასაკით დაიხოცნენო. დღეისათვის ხათუნა კალმახელიძე დაკითხულიც არ არის (რომელიც ჩვეულებრივი ჯალათია). ეს არის მთავრობა და ხელისუფლება? მშიერმა ადამიანმა პური რომ მოიპაროს, დაიჭერენ, სააკაშვილის ჯალათებს კი არ იჭერენ“ – აცხადებს ტუსკაძე.