14 მაისს, ლიეტუველმა სამართალდამცავებმა ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ გინტაუტას პალუკასს უკანონოდ გამდიდრებაში წაუყენეს ბრალი.
ლიეტუველი პოლიტიკოსისთვის ბრალის წარდგენა ანტიკორუფციულ უწყებაში – სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში – მისი გამოცხადების შემდეგ მოხდა. „ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო გამდიდრებისთვის წარმიდგინეს“, – განუცხადა პალუკასმა ჟურნალისტებს. ეს ინფორმაცია, მოგვიანებით, გენერალურმა პროკურატურამაც დაადასტურა. საქმის მასალების მიხედვით, პალუკასმა და მისმა მეუღლემ, სავარაუდოდ, 2010-დან 2024 წლამდე პერიოდში, დაუზუსტებელი შემოსავლებით თითქმის 344 578 ევროს ღირებულების აქტივები შეიძინეს, მათ შორის – უძრავი ქონება, სატრანსპორტო საშუალებები და ფასიანი ქაღალდები. პოლიტიკოსი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მას აქტივების შესაძენად გამოყენებული თანხების წარმომავლობის დასაბუთება შეუძლია. პალუკასი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გასულ წელს, მას შემდეგ გადადგა, რაც სამართალდამცავებმა მისი წარსული საქმიანობისა და ბიზნესგარიგებების წინასწარი გამოძიება დაიწყეს.
პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ჩვენება არ მიუცია და, ამის ნაცვლად, ოფიციალურ პირებთან „სამართალდამცავ სისტემაში არსებული მდგომარეობაზე ისაუბრა“. „როგორც სპეციალურმა მოწმემ, მე უკვე სამჯერ მივეცი ჩვენება. დღეს დამატებითი ჩვენება აღარ მიმიცია, რადგან ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. ადრე მიცემული ჩვენება, როგორც ჩანს, სამართალდამცავების მიერ ჯერ კიდევ უნდა შეფასდეს “, – განუცხადა პალუკასმა ჟურნალისტებს და ხაზი გაუსვა თავის ნდობას მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. პალუკასმა აღნიშნა, რომ ბრალდებების მიუხედავად, სეიმში სადეპუტატო მანდატზე უარს არ ამბობს.
„თუ აზრს შევიცვლი, ამის შესახებ საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებ“, – დასძინა მან.
https://www.lrt.lt/en/news-in-english/19/2928366/ex-pm-paluckas-charged-with-illicit-enrichment
