ამ შემთხვევამ შოკში ჩააგდო მთელი გერმანია და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში ბავშვთა დაცვისა და ზედამხედველობის მდგომარეობის კუთხით, საყოველთაო შეშფოთება გამოიწვია. გერმანელი პროკურორების განცხადებით, ექიმმა-პედიატრმა, სამედიცინო შემოწმებისა და მკურნალობის სესიების დროს, სექსუალურად იძალადა რამდენიმე ბავშვზე, რომლებიც მისი პაციენტები იყვნენ.
ეჭვმიტანილი, რომლის ვინაობა არ სახელდება, ბერლინის მახლობლად, ბრანდენბურგის მხარეში მდებარე კლინიკებში მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულები მან, სავარაუდოდ, 12 წლის განმავლობაში ჩაიდინა. ინფორმაციაში არ არის დაზუსტებული, თუ რამდენი ბავშვი გახდა მისი მხრიდან ძალადობის მსხვერპლი.
„ბრალდებულს სექსუალური თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული 130 დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. მათ შორის არის დამამძიმებელ გარემოებებში ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებები“, – აცხადებს პოტსდამის პროკურატურა.
გერმანიის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ სავარაუდო დანაშაულები მოხდა 2013 წლის 1 დეკემბრიდან გასული წლის 5 ნოემბრამდე პერიოდში, უმეტეს შემთხვევაში – „პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, რატენოვისა და ნაუენის საავადმყოფოებში“.
46 წლის ექიმი ნოემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მისი დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთი პაციენტის დედას გაუჩნდა ეჭვი, რომ რატენოვის საავადმყოფოს პედიატრიულ განყოფილებაში მის შვილზე მკურნალობის დროს იძალადეს, და ამის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინა.
იანვარში,როდესაც ეს საქმე გახმაურდა, კლინიკების ჯგუფმა, HavellandKliniken-მა განაცხადა, რომ ექსპერტების მონაწილეობით, შიდა გამოძიებას ატარებდა. შექმნილი კომისიის დასკვნით, ყოველთვის არ იყო დაცული „ოთხი თვალის პროტოკოლი“, რომლის მიხედვითაც, ბავშვის გასინჯვას ორი ადამიანი აუცილებლად უნდა ესწრებოდეს.
„ეს ბრალდებები ძირს უთხრის პაციენტებისა და მათი ოჯახების ნდობას“, – განაცხადა ჯგუფის სამედიცინო დირექტორმა, მაიკ ლესნაუმ.
პედიატრს, რომლის ვინაობაც კონფიდენციალურობის გერმანული კანონების გამო არ სახელდება, ბრალად ედება ბავშვებისა და მოზარდების მკურნალობის პროცესში ნდობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
ამ საქმემ გერმანიაში აღშფოთება გამოიწვია, რადგან ექიმები და პედიატრები პასუხისმგებელნი არიან ბავშვებზე ზრუნვაზე და ოჯახებს ხშირად წლების განმავლობაში უწევენ სამედიცინო დახმარებას. ბავშვთა დაცვის ორგანიზაციები და იურიდიული ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს ბრალდებები ხაზს უსვამს ჯანდაცვის დაწესებულებებში ბავშვთა დაცვის უფრო მკაცრი პროცედურების აუცილებლობას.
გერმანიის ხელისუფლების ცნობით, ბრალდებული ექიმი ყოველგვარ დანაშაულს უარყოფს და, გერმანული კანონმდებლობის თანახმად, უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ მისი ბრალეულობა სასამართლოში არ დამტკიცდება.
https://www.rtp.pt/noticias/mundo/pediatra-alemao-acusado-de-130-crimes-de-abuso-sexual-a-menores_n1741457
