ევროკავშირის ქვეყნებში ჩასული რუსი ტურისტების რაოდენობა კვლავ იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ კრემლი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას აგრძელებს და მოსკოვისთვის დაწესებული სანქციები ძალაში რჩება. ბრიუსელს რუსეთის მოქალაქეებზე შენგენის ვიზების გაცემა სრულად არ აუკრძალავს, თუმცა წესები გაამკაცრა. გასულ წელს ვიზა 620 ათასმა რუსმა მიიღო, რაც, 2024 წელთან შედარებით, 10 პროცენტით მეტია. რუსებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებას პირინეის ნახევარკუნძული წარმოადგენს.
რუსი ტურისტებისთვის ქვეყანაში შესვლის ნებართვებს, ძირითადად, სამხრეთ ევროპის სახელმწიფოები გასცემენ. კერძოდ, ესპანეთმა, იტალიამ და საფრანგეთმა გასულ წელს ასობით ათასი სავიზო განაცხადი დააკმაყოფილეს – ნაწილობრივ, იმ ფულის გამო, რომელსაც რუსი ვიზიტორები ამ ქვეყნებში ხარჯავენ.
საფრანგეთში რუსები, ტრადიციულად, როგორც წესი, ქვეყნის სამხრეთში მიემგზავრებიან. ნიცას, ხუმრობით, რუსეთის ტერიტორიის გარეთ არსებულ რუსეთის დედაქალაქსაც უწოდებენ. სანქციების მიუხედავად, კანის წლევანდელ კინოფესტივალსაც ბევრი რუსი ესწრება. გასულ წელს სავიზო განაცხადების რაოდენობა პარიზშიც გაიზარდა, თანაც – მთელი 23 პროცენტით.
შედეგად, მოსკოვის ცენტრში მდებარე სლოვაკეთისა და პირინეის ნახევარკუნძულის ქვეყნების სავიზო ცენტრს, ყოველ სამუშაო დღეს, უამრავი რუსი სტუმრობს. ევროპული ვიზის ერთ-ერთი მაძიებელია კირა კულკოვაც, რომელიც პორტუგალიაში მოგზაურობას გეგმავს. „იქ ჩემი მეგობრები ცხოვრობენ. იქიდან კი ბერლინში მინდა წასვლა მეგობრის ქორწილში“, – აღნიშნა მან.
რიაზანელი ევგენი კირილინი ევროპაში ვოიაჟს მთელ ოჯახთან ერთად აპირებს. მრავალი ევროპელის ანტირუსული განწყობის მიუხედავად, რაც უკრაინაში ომით არის გამოწვეული, ევგენის ზაფხულის შვებულება ევროპაში მოგზაურობის გარეშე ვერ წარმოუდგენია. „ესპანეთში ყოველ წელს დავდივართ. გარკვეული შიში, რა თქმა უნდა, გვაქვს, მაგრამ გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – დასძინა მან.
უკრაინა ევროკავშირს წესების გამკაცრებისკენ მოუწოდებს
კიევი დიდი ხანია მოუწოდებს ევროპულ ქვეყნებს, შეწყვიტონ ასეთი პრაქტიკა. თუმცა, ამ დროისთვის ევროკავშირი მის ტერიტორიაზე შესვლას მხოლოდ მათ უკრძალავს, ვინც უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობს, ან სანქციების სიაშია შეყვანილი. „2025 წლის ნოემბერში ჩვენ უფრო მკაცრი სავიზო წესები მივიღეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსებს, პრინციპში, მრავალჯერადი ვიზების მიღება აღარ შეუძლიათ “, – შეახსენა საზოგადოებას მაისის დასაწყისში ევროკომისიის პრეს-სპიკერმა, მარკუს ლამერტმა.
თუმცა, ეს რუს ტურისტებს ევროპაში მოგზაურობაში ხელს არ უშლის. სპეციალიზებულ ტურისტულ სააგენტოებს შეუძლიათ, ვიზების შეძენის ჩათვლით, მათ ყველა საკითხი მოუგვაროს. „თვეში, საშუალოდ, 3-4 ტურს ვაწყობთ, ძირითადად, მდიდარი ადამიანებისთვის, საშუალო კლასის კლიენტებისა და მენეჯერებისთვის“, – განაცხადა მოსკოვის ტურისტული სააგენტო „რესპექტის“ გაყიდვების მენეჯერმა, ალინა რიჟოვამ.
ვიზების გაცემის საკითხს ევროკავშირის ცალკეული წევრი ქვეყნები წყვეტენ
ვიზების გაცემა ევროკავშირში შემავალი ცალკეული წევრი სახელმწიფოების კომპეტენციას განეკუთვნება. ამიტომ, ზოგიერთი ქვეყანა საერთოდ არ აძლევს რუს ტურისტებს შესვლის ნებართვას. მათ შორის არიან ბალტიის სახელმწიფოები, აგრეთვე პოლონეთი და ჩეხეთი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რუსი ტურისტები იქ ვერ მოხვდებიან.
„თუ ისინი ვიზას კონკრეტული ქვეყნიდან, მაგალითად იტალიიდან ან ესპანეთიდან იღებენ, იმისთვის, რომ სავიზო წესები რომ არ დაარღვიონ, ჯერ ამ ქვეყანაში, ანუ ვიზის გამცემ სახელმწიფოში უნდა შევიდნენ. ამის შემდეგ მათ შეუძლიათ, შენგენის სხვა ქვეყნებშიც იმოგზაურონ“, – განმარტა მოსკოვის ტურისტული სააგენტო „რესპექტის“ მთავარმა მენეჯერმა, ელენა კოზლაკოვსკაიამ.
ბოლო პერიოდში, რუსეთის მოქალაქეებმა ევროკავშირში შესვლის ყველაზე მეტი ნებართვა 2019 წელს მიიღეს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 4 მილიონს გადააჭარბა.
https://ct24.ceskatelevize.cz/clanek/svet/pribyva-ruskych-turistu-v-evrope-373534
