უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ქვედანაყოფის მეთაურის, რობერტ „მადიარ“ ბროვდის განცხადებით, უკრაინამ ბელარუსში უკვე შეარჩია პირველი 500 სამიზნე იმ შემთხვევისთვის, თუ თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ლუკაშენკო ომში ჩაერთვება.
მან ამის შესახებ თავის ფეისბუკ-გვერდზე დაწერა.
„მინსკელ გაულაიტერ ლუკაშესკუს: მყეფარე ძაღლი არ იკბინება. მტაცებელი ჩიტი კი სულ სხვა საქმეა. პირველი 500 სამიზნე ფანქრით უკვე მონიშნული მაქვს. აი, უფასო და ძალიან პრაქტიკული რჩევა: უკრაინას თვალში ნუ ეჩხირებით“, – დაწერა სამხედრო მეთაურმა.
ბროვდიმ ასევე ახსენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის მუქარა კიევზე დარტყმების განხორციელების შესახებ: უპილოტო სისტემების ქვედანაყოფის მეთაურის თქმით, რუსული ნავთობის ინდუსტრიამ და თავდაცვის სექტორმა ღრმად შეღწევის ეფექტი „უკვე იწვნიეს საკუთარ თავზე“. ამიტომ, მან ლუკაშენკოს მოუწოდა, „ნუ ჩაერევა“ უკრაინის საქმეებში.
17 აპრილს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვი ცდილობს, მინსკი ომში ჩაითრიოს. ამასთანავე, აღნიშნა, რომ ბელარუსის სასაზღვრო რეგიონებში, უკრაინის მიმართულებით, გზები შენდება და საარტილერიო პოზიციები ეწყობა.
20 მაისს, უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსიდან და ბრიანსკის ოლქიდან უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონებზე, კერძოდ – ჩერნიგოვი-კიევის მიმართულებაზე – თავდასხმების სცენარებს განიხილავს.
https://suspilne.media/1316257-ukraina-viznacila-persi-500-cilej-u-bilorusi-na-vipadok-vstupu-lukasenka-u-vijnu-komanduvac-sbs-madar/
