“ერთიანი ნეიტრალური საქართველო” განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ “ლგბტ დღის წესრიგისა და გენდერული თეორიების დამკვიდრება, უკონტროლო მიგრაცია, ეკონომიკური გამოწვევების უგულებელყოფა, გართულებული ბიუროკრატია და უშინაარსო რეგულაციები განაპირობებს, რომ ევროპული საზოგადოება ტრადიციულ იდენტობას კარგავს და პარალელურად ღარიბდება, რაც სტატისტიკური მონაცემებით დასტურდება.”
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ როდესაც დასავლეთსა და დემოკრატიულ იდეალებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის საზოგადოებამ თითქოს მოჯადოებული წრე გაარღვია, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს კითხვა: დღესდღეობით „მეინსტრიმული“ იდეოლოგიისგან მკვეთრად განსხვავებული კანდიდატის გამოჩენა, ამერიკელ ხალხში სწრაფად მზარდი უკმაყოფილების დროებით განეიტრალებას და რეალური ალტერნატივის გაჩენის ილუზიის შექმნას ხომ არ ისახავდა მიზნად? შესაბამისად, არსებობს მოსაზრება, რომ შეერთებული შტატებიც კვლავ „დიფ სთეითის“ გავლენით იმართება.
“ინერციით, რიგითი ევროპელი მოქალაქის კეთილდღეობის ხარისხი, დღემდე მაღალია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ 2008 წელთან შედარებით, მსოფლიო ეკონომიკაში ევროპის წილი მკვეთრად შემცირდა, ევროპელი ადამიანი კი დღეს უარესად ცხოვრობს, ვიდრე ორი ათეული წლის წინ!
ფაქტია, დღეს ევროპაში დემოკრატია აღარ არსებობს, რადგან მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ხალხის მიერ არჩეული, თუმცა რეალურად „დიფ სთეითის“ მორჩილი მთავრობები არა საზოგადოების საკეთილდღეო, არამედ დამაზიანებელ ნაბიჯებს დგამენ, რაც ჩანასახშივე გამორიცხავს იმ ფუნდამენტურ იდეებს, რომლებსაც თანამედროვე დემოკრატია უნდა ეფუძნებოდეს. სწორედ აქედან გამომდინარეობს ევროპულ ქვეყნებში პერმანენტული პოლიტიკური კრიზისები და სამთავრობო გუნდების ცვლილებები, გახშირებული რიგგარეშე არჩევნები და ხელისუფლებების მიმართ მზარდი უკმაყოფილება, რაც სხვადასხვა ქვეყანაში მმართველი ძალებისადმი არსებული დადებითი განწყობების ისტორიულად მინიმალურ მაჩვენებლებში ითარგმნება.
დღეს ევროპული საზოგადოება იაზრებს, რომ რეალური ცვლილებებია საჭირო, თუმცა არჩევანის გაკეთება ისეთ ძალებს შორის უწევთ, რომლებსაც „დიფ სთეითის“ მორჩილება აერთიანებთ! ბუნებრივია, ამ ფონზე, არაფორმალური ოლიგარქიული ძალები პოლიტიკური პროცესის იმიტაციას ქმნიან, რადგან მნიშვნელობა არ აქვს, მათი მორჩილი რომელი ძალა დააზიანებს ხალხის ინტერესებს, იდენტობადაკარგული და გაღარიბებული ადამიანები კი, რომელთა მართვა სულ უფრო და უფრო მარტივი ხდება, არჩევანს „დიფ სთეითის“ შეთავაზებულ ვარიანტებს შორის აკეთებენ.
როდესაც დასავლეთსა და დემოკრატიულ იდეალებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის საზოგადოებამ თითქოს მოჯადოებული წრე გაარღვია, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მქონე ძალებზე უარი თქვა და ის პრეზიდენტი, ის ადმინისტრაცია აირჩია, რომლებსაც კონსერვატიული ღირებულებები აქვთ, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს კითხვა: დღესდღეობით „მეინსტრიმული“ იდეოლოგიისგან მკვეთრად განსხვავებული კანდიდატის გამოჩენა, ამერიკელ ხალხში სწრაფად მზარდი უკმაყოფილების დროებით განეიტრალებას და რეალური ალტერნატივის გაჩენის ილუზიის შექმნას ხომ არ ისახავდა მიზნად? შესაბამისად, არსებობს მოსაზრება, რომ შეერთებული შტატებიც კვლავ „დიფ სთეითის“ გავლენით იმართება. ამ ფონზე, “ქართული ოცნება” ჩვენს ქვეყანას დღემდე ილუზიაში აცხოვრებს და მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის ნათელია ევროპაში არსებული მძიმე მდგომარეობა, საზოგადოებას ჯიუტად უმტკიცებს, რომ ევროკავშირი ჩვენი „აღთქმული მიწაა“, სადაც ბიუროკრატები და ხელისუფლებები სულ მალე შეიცვლებიან, რის შემდეგაც ძალაუფლებას, ტრადიციული იდენტობის ერთგული, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების მქონე მმართველი ელიტები აიღებენ ხელში, ევროპულ საზოგადოებას „დიფ სთეითის“ გავლენისგან გაათავისუფლებენ და კვლავ რეალურ დემოკრატიულ სისტემას დაამკვიდრებენ. „ქართული ოცნება“ დროულად უნდა გამოფხიზლდეს და ქართველ ხალხს სრული სიმართლე უთხრას, რომ ევროკავშირი და ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც ემსახურებოდნენ საკუთარ ხალხებს, რის შედეგადაც დემოკრატიული მმართველობის საუკეთესო მაგალითად გამოდგებოდნენ, დღესდღეობით აღარ არსებობს და ასეთი ევროკავშირის დაბრუნების რაიმე ხელშესახები ნიშანი არ ჩანს. ხოლო რა განსხვავებაა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებისა და „დიფ სთეითის“ გავლენით მართულ სახელმწიფოს შორის, საფრანგეთის შემთხვევაში ერთი პატარა მაგალითის მიხედვითაც კი მკაფიოდ ჩანს: ქვეყანაში, რომელიც 1998 წელს გამარჯვებას სამაგალითოდ აღნიშნავდა, იქამდე მივიდა, რომ დღეს პოლიცია გამარჯვების „ზეიმისთვის“ წინასწარ ემზადება, რათა აგრესიულ ბრბოს გაუმკლავდეს და მათგან მიყენებული ზიანი როგორმე შეამციროს, ეს ყველაფერი კი, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა”- წერია განცხადებაში.
