ესტონეთი ევროკავშირის მესამე ქვეყანა გახდა ნიდერლანდებისა და ლიეტუვის შემდეგ, რომელმაც თავის გზებზე თვითმართვადი სისტემების მქონე ავტომობილების მოძრაობა დაუშვა.
ამისთვის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან საჭესთან ყოველთვის იქნება მძღოლი, რომელიც ამ სატრანსპორტო საშუალებაზეა პასუხისმგებელი.
მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში, „ტესლას“ ახალი ელექტრომობილების მფლობელებს ესტონეთში თვითმართვადი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება შეეძლებათ.
„ეს მაინც მძღოლის დამხმარე სისტემაა, სადაც ავტომობილის მართვის მანერასა და უსაფრთხოებაზე მძღოლია პასუხისმგებელი და, საჭიროების შემთხვევაში, მართვა მან თავის თავზე უნდა აიღოს“, – განმარტა ტრანსპორტის ადმინისტრაციის სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იურგო ვახტრამ.
„ამავდროულად, თავად „ტესლა“ აკონტროლებს, არის თუ არა მძღოლი დაკავებული სხვა საქმით ან სხვაგან ხომ არ იყურება. ამ შემთხვევაში, სისტემა აფრთხილებს მას, რომ მოძრაობას ყურადღებას არ აქცევს. თუმცა, ეს მოქმედ კანონმდებლობაში არ აისახება, რადგან პასუხისმგებლობა, საბოლოო ჯამში, მაინც მძღოლს ეკისრება“, – დასძინა მან.
გამოცემა „Geenius“-ის მთავარმა რედაქტორმა, კულდარ კულასეპმა თვითმართვადი ავტომობილი ფინეთში გამოცადა და აღნიშნა, რომ მანქანამ ყველა პირობას იდეალურად გაართვა თავი, ზოგჯერ კი მგზავრობა მოსაწყენი იყო.
„ავტომობილში დაახლოებით რვა კამერაა, რომლებიც უწყვეტად აწვდიან ინფორმაციას კომპიუტერს. ეს უკანასკნელი ქმნის მის გარშემო არსებული გარემოს სურათს და შემდგომ გადაწყვეტილებებს მილიონობით კილომეტრის მართვის შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე იღებს. ასე რომ, ეს გაცილებით უსაფრთხო უნდა იყოს და უფრო მშვიდად იმგზავრებთ, როდესაც გეცოდინებათ, რომ საჭესთან ვიღაც ნერვიული ადამიანი არ ზის“, – განაცხადა კულასეპმა.
პაველ ნიკოლაევი, რომლის ოჯახიც ორ „ტესლას“ ფლობს, პროგრამულ განახლებას მოუთმენლად ელის. მისი თქმით, ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს ესტონეთში მანქანის მართვის კულტურის გაუმჯობესებას.
„როდესაც მანქანა თავისით მოძრაობს, ის თავის გარშემო ყველაფერს აკვირდება; ასეთმა მანქანებმა, შესაძლოა, ცოტა უფრო ნელა და წესების დაცვით იარონ, მაგრამ, სამაგიეროდ, სხვა ავტომობილების მძღოლები მათ დააკვირდებიან და მიბაძავენ“, – განუცხადა ნიკოლაევმა საინფორმაციო გამოშვება „აქტუალურ კამერას“ („Aktuaalne kaamera“).
თვითმართვადი სატრანსპორტო საშუალებები კანონმდებლებისთვისაც გამოწვევაა.
„ასეთი მანქანების შემთხვევაში, პრობლემას წარმოადგენს მონაცემთა დაცვა, რადგან ეს ავტომობილები მოძრაობისას დიდი მოცულობის მონაცემებს აგროვებენ. რა ბედი ეწევა ამ მონაცემებს – ინახება თუ არა ისინი და თუ ინახება, რა ვადით – ეს არის ასპექტი, რომელიც კარგად უნდა გავიაზროთ“, – ამბობს იურიდიული ფირმა „სორაინენის“ ადვოკატი, მარკუს ნიინი.
„ასევე გასარკვევია ავტოდაზღვევის საკითხიც. მაგალითად, დღეს ჩვენი მთელი სადაზღვევო სისტემა ეფუძნება ადამიანის ბრალეულობას, მაგრამ იმ სიტუაციაში, როდესაც მძღოლი რეალურად არ მართავს მანქანას, ვინ იქნება პასუხისმგებელი?“ – სვამს კითხვას იგი.
ნიინი დარწმუნებულია, რომ მომავალში აუცილებლად მოხდება მძღოლების როლის შემცირება და გაიზრდება პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებული, სრულად ავტომატიზებული მართვა. ამიტომ, ესტონეთს შეუძლია უკვე დაიწყოს თავისი კანონების მომზადება ამ გარდამავალი პერიოდისთვის.
ესტონეთში 2 000-ზე მეტი „ტესლაა“ რეგისტრირებული. კულასეპის შეფასებით, მათი დაახლოებით 400-500 მფლობელი, სავარაუდოდ, თვითმართვად სისტემებს გამოიყენებს.
„პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მოსახერხებელია შორ მანძილზე მგზავრობისას. ჩვენი სტანდარტებით, ტარტუში ან ოტეპიაში გამგზავრებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ბოლოს დაღლილობა იგრძნო. თუ იქ თვითმართვის ფუნქციას გამოიყენებ, ეს ალბათ მოგცემს საშუალებას, რომ მგზავრობის ბოლოს კვლავ საკმაოდ მხნედ და დასვენებულად გამოიყურებოდე. კიდევ ერთი ადგილი, სადაც მის სარგებლიანობას ვხედავ, ქალაქში მოძრაობა და პიკის საათებია“, – დასძინა მან.
https://news.err.ee/1610042566/estonia-becomes-third-eu-country-to-allow-self-driving-cars-on-its-roads
