უნგრეთს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია რაიმე მინიშნება, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნასთან დაკავშირებით თავის პოზიციას ცვლის. პროცესის დაწყების თარიღი კვლავ გაურკვეველი რჩება და ის შემდგომ კონსულტაციებზე იქნება დამოკიდებული.
ამის შესახებ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს (Suspilne) ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა განუცხადა.
ანონიმი დიპლომატის თქმით, ამჟამად არ არსებობს იმის ნიშნები, რომ ბუდაპეშტმა შეცვალა პოზიცია ევროკავშირში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მინიმუმ პირველი კლასტერის გახსნასთან დაკავშირებით.
„დღეს ეს საკითხი მათთან რამდენჯერმე გადავამოწმეთ და ჯერჯერობით სიახლე არაფერია“, – განაცხადა Suspilne-ს წყარომ.
ამავდროულად, ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროცესის წინ წაწევის პოლიტიკური ნება კვლავ არსებობს და ის აუცილებლად გაგრძელდება, როგორც კი შესაბამისი შეთანხმებები იქნება მიღწეული.
დიპლომატის თქმით, მწვანე შუქის ანთების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფებისა და ელჩების შეხვედრები შეიძლება სწრაფად მოიწვიონ; თუმცა, მოსამზადებელ პროცედურებს, მინიმუმ, ერთი კვირა დასჭირდება.
მოლაპარაკებების პირველი კლასტერის ოფიციალური გახსნის თარიღი უკრაინულ-უნგრული კონსულტაციების შედეგებზეა დამოკიდებული. სავარაუდო თარიღებს შორის სახელდება 15–16 ივნისი, როდესაც ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა მინისტრების შეხვედრა უნდა გაიმართოს.
„თუ მოსამზადებელი სამუშაოები ამ დროისთვის არ დასრულდება, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა – კვიპროსი მზად არის, მთავრობათაშორისი კონფერენცია (კლასტერის ოფიციალური გახსნისთვის საჭირო შეხვედრა) მოგვიანებით მოიწვიოს“, – დასძინა დიპლომატმა.
უნგრეთის პოზიცია ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე
2 ივნისს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ კიევსა და ბუდაპეშტს შორის ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინაში მცხოვრები უნგრული უმცირესობის ლინგვისტურ, კულტურულ და საგანმანათლებლო უფლებებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა ამ კვირაშივე დასრულდეს. უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს დიპლომატიურ წრეებში არსებულმა წყაროებმაც დაადასტურეს, რომ „მხარეები ნამდვილად ახლოს არიან შეთანხმებასთან“.
Suspilne-ის წყაროების ინფორმაციით, მხარეები ტექნიკურ დონეზე შეთანხმების მიღწევასთან მართლაც ახლოს არიან და ამან შეიძლება უნგრეთს უბიძგოს, მოხსნას ვეტო ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მინიმუმ პირველი კლასტერის გახსნაზე.
29 მაისს, მადიარმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ მას შემდეგ, რაც უნგრული უმცირესობის უფლებების საკითხი გადაიჭრება, ის მზად იქნება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად. რაც შეეხება ტექნიკურ დონეზე შეხვედრას, მისი მიმდინარეობისას მხარეები განიხილავენ 11 პუნქტს, რომლებიც უმცირესობის საგანმანათლებლო, კულტურულ და ლინგვისტურ უფლებებს ეხება.
https://suspilne.media/1321755-persij-klaster-peregovoriv-ukraini-z-es-pid-pitannam-cerez-poziciu-ugorsini/
