პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მაისში, კიევში, რუს მილიარდერ რომან აბრამოვიჩს შეხვდა.
ამის შესახებ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს (Suspilne) მთავრობაში არსებულმა ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.
წყაროს ცნობით, ამ კერძო შეხვედრის ინიციატორი რუსული მხარე იყო და მოსკოვის მიზანს ომის დასასრულებლად უკრაინის პირობების გარკვევა წარმოადგენდა. აბრამოვიჩთან შეხვედროს დროს, ზელენსკიმ ეს პირობები ჩამოაყალიბა და ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის თავისი მზადყოფნა დაადსტურა.
თუმცა, როგორც წყარო დასძენს, ამას რაიმე ხელშესახები შედეგი არ მოჰყოლია, რადგან ნებისმიერ სიგნალს – იქნება ეს საჯარო თუ კერძო – რუსეთი ომის გაგრძელებით პასუხობს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისს ამ შეხვედრის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
უფრო ადრე, „ფაინენშალ თაიმსი“, ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ რომან აბრამოვიჩი კიევს მაისში, ზელენსკის მიწვევით ეწვია. უკრაინის დედაქალაქში ის შუამავლის როლს ასრულებდა და კრემლის ლიდერი, ვლადიმირ პუტინი იმაში უნდა დაერწმუნებინა, რომ მასსა და ზელენსკისა შორის პირისპირ შეხვედრა აუცილებელია.
როგორც წყაროებმა აღნიშნეს, ზელენსკიმ აბრამოვიჩს სთხოვა, პუტინისთვის გადაეცა, რომ ის მზად არის მასთან შესახვედრად – უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ასეთი რამ პირველად მოხდა.
როგორც წყაროებმა „ფაინენშალ თაიმსს“ განუცხადეს, ამ გზით უკრაინას სურდა რუსეთთან პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვისადმი თავისი ერთგულების დემონსტრირება მოეხდინა, თანაც იმ პირობებში, როდესაც შეერთებულს შტატებს, რომელიც მანამდე შუამავლის როლს ასრულებდა, ახლა მთელი ყურადღება ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე აქვს გადატანილი.
კიევი იმედოვნებდა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული წარმატებული დარტყმების სერია და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსული წინსვლის შეჩერება კრემლის მხრიდან „დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის სურვილს“ გააძლიერებდა.
თუმცა, პუტინს ზელენსკისთან შეხვედრის მიმართ ინტერესი არ გამოუჩენია – როგორც ჩანს, რესურსებში რუსეთის უპირატესობის იმედი მას ჯერ კიდევ აქვს.
https://suspilne.media/1325343-zelenskij-zustricavsa-z-rosijskim-milarderom-abramovicem-u-kievi-dzerelo/
