2026 წლის პირველ კვარტალში პოლონეთმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე 16 ათასი სამუშაო ვიზა გასცა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 8-ჯერ ნაკლებია. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ამის მიზეზად მიგრაციული კონტროლისა და სავიზო პროცედურების გამკაცრებას ასახელებს.
პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაცემული სამუშაო ვიზების რაოდენობა 87%-ით შემცირდა – თუ 2022 წლის პირველ კვარტალში ამ კატეგორიის პირებზე 123 ათასი სამუშაო ვიზა გაიცა, მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 16 000-მდე დაეცა.
მკვეთრად შემცირდა სამუშაო ნებართვების რაოდენობაც.
სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში პოლონეთმა 38 000 სამუშაო ნებართვა გასცა, მაშინ როცა 2022 წლის იმავე პერიოდში ეს რიცხვი 122 000-ს შეადგენდა.
ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ეს ცვლილებები შრომითი მიგრაციის სისტემაში განხორციელებული რეფორმის შედეგია, რომლის მიზანიც სისტემის ბოროტად გამოყენების პრევენცია და იმის უზრუნველყოფაა, რომ ნებართვები მხოლოდ უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებზე გაიცეს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ და პოლონეთის ეკონომიკას სარგებელს მოუტანენ.
სამინისტრო სტუდენტური ვიზების მნიშვნელოვანი შემცირების შესახებაც იუწყება, რაც საკონსულოებში გადამოწმების მკაცრი პროცედურების დანერგვას და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას მოჰყვა.
გასულ წელს, პოლონეთმა დაახლოებით 11 000 სტუდენტური ვიზა გასცა, შედარებისთვის: 2021 წელს ეს რიცხვი 31 000-მდე აღწევდა.
ამავდროულად, მნიშვნელოვნად გაიზარდა დეპორტირების მაჩვენებელი. სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო დაცვის სამსახურმა 2026 წლის პირველ კვარტალში დეპორტირების შესახებ გაცემული დაახლოებით 2 700 ბრძანება აღასრულა, რაც 2022 წლის პირველი კვარტალის მონაცემთან (დაახლოებით 900 ბრძანების აღსრულება) შედარებით, თითქმის 200 პროცენტით მეტია.
უწყების განცხადებით, ეს ცვლილებები პოლონეთის მიგრაციული პოლიტიკის მასშტაბურად გადახედვის შედეგია, რაც წინა წლებში გამოვლენილი ხარვეზებისა და გამოწვევების მოსაგვარებლად განხორციელდა.
სამინისტროს ცნობით, მთავრობამ ბოლო თვეებში, მიგრაციული პროცედურების გასამკაცრებლად და ამ პროცედურების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად, მთელი რიგი ზომები მიიღო.
https://www.polskieradio.pl/395/7784/Artykul/3696551
