საზღვარგარეთ მცხოვრები ლატვიის მოქალაქეები, მომავალი წლიდან, სავალდებულო სახელმწიფო თავდაცვის სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან. უხეში გათვლებით, ეროვნული თავდაცვის სამსახურის მოთხოვნებს 2027 წელს, შესაძლოა, დიდ ბრიტანეთში მცხოვრები 1000-მდე ახალგაზრდა აკმაყოფილებდეს; თუმცა, თავად დიასპორის მხრიდან სამხედრო სამსახურის მიმართ ინტერესი ჯერჯერობით ძალიან დაბალია.
როგორ შეძლებს ახალგაზრდა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა, თუ მას ლატვიური ენა არ ესმის? ყველა ახალგაზრდა მამაკაცი დაექვემდებარება თუ არა გაწვევას? როგორ უნდა ჩავიდეს სამედიცინო შემოწმებაზე ლატვიაში გადაადგილების პრობლემების მქონე წვევამდელი და როგორ დაიფარება მგზავრობის ხარჯები, თუ ახალგაზრდას ფული არ აქვს? – ლონდონში არსებულ ლატვიის საელჩოში გამართულ სემინარზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული, უამრავი კითხვა დაისვა და ბევრ მათგანზე პასუხიც გაიცა.
შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, ილზე ალექსა ამბობს: „ჩემთვის გაუგებარი იყო ასაკობრივი კრიტერიუმი. ამ სემინარზე კი მკაფიოდ განმარტეს, რომ გაწვევა საშუალო განათლების დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ მოხდება. აქამდე მესმოდა, თითქოს ეს 27 წლამდე ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მომხდარიყო. ახლა მშვიდად ვარ და ვიცი, რომ 18 ან 19 წლის ასაკის ახალგაზრდებზეა საუბარი“.
სამხედრო სამსახურის დაწყებამდე, მათთვის, ვინც ლატვიური ენა არ იცის, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ონლაინ ენის კურსების გავლა იგეგმება. ასევე განიხილება მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, რადგან საზღვარგართ მყოფი ახალგაზრდებისთვის ამ ხარჯების დამოუკიდებლად დაფარვა, მეტწილად, შეუძლებელია.
ლატვიის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურის გავლის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, აია ფრეიბერგა განმარტავს: „მსგავსი განხილვები სამინისტროს საშუალებას აძლევს, ბუნდოვანი საკითხები დროულად გამოავლინოს და მათ გადაწყვეტაზე იმუშაოს. მაგალითად, საზღვარგარეთ მცხოვრებთა ტრანსპორტირების ხარჯების კომპენსაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების კანონპროექტი ჩვენ უკვე მოვამზადეთ.“
თუმცა, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, თუ როგორ გადაწყდება საზღვარგარეთ მყოფი იმ ახალგაზრდების საკითხი, რომლებმაც ლატვიის მოქალაქეობაზე უკვე თქვეს უარი ან ამის გაკეთებას ჯარში შესაძლო გაწვევის გამო გეგმავენ. მითუმეტეს, უკვე არაერთი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.
თუმცა, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, თუ როგორ გადაწყდება საზღვარგარეთ მყოფი იმ ახალგაზრდების საკითხი, რომლებმაც ლატვიის მოქალაქეობაზე უკვე თქვეს უარი ან ამის გაკეთებას ჯარში შესაძლო გაწვევის გამო გეგმავენ. მითუმეტეს, უკვე არაერთი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.
სემინარის კიდევ ერთი მონაწილე, დაინის ჩეკულსი ამბობს: „ფასეულობები ძალიან შეიცვალა. გულწრფელად რომ ვთქვა, სამხედრო სამსახურის გავლა უკვე აღარ არის ღირსების საქმე. ბიჭები, უბრალოდ, ხელს ჩაიქნევენ ხოლმე და ამბობენ: პასპორტს ვიცვლი, სულ კარგად იყავით“.
ლატვიის ეროვნული თავდაცვის სამსახურის შესახებ დიდ ბრიტანეთში ინფორმაციის გავრცელებაში ფონდ Daugavas Vanagi-ს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ამ საკითხზე სემინარები გაერთიანებული სამეფოს კიდევ 10 ქალაქშია დაგეგმილი.
ფონდის წარმომადგენელი, ვერა ანტიპოვა აცხადებს: „ჩემი აზრით, ინფორმაციის ნაკლებობამ, რომელიც აქამდე არსებობდა და რომელიც დიასპორას, ალბათ, არც ისე ეფექტურად მიეწოდებოდა, ხალხი დაარწმუნა, რომ მართალია, სერიოზული პრობლემები არსებობს, მაგრამ მათი მოგვარება, სინამდვილეში, ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს“.
სემინარის კიდევ ერთმა მონაწილემ, ედიტე მალვესამ აღნიშნა: „საზოგადოებაში შემორჩენილი სტერეოტიპი წარსულიდან, ოკუპაციის წლებიდან მოდის, როდესაც არმია მართლაც საშიში, საშინელი და ლატვიელების მიმართ მტრულად განწყობილი იყო. ვფიქრობ, სწორედ ეს სტერეოტიპი უნდა დავამსხვრიოთ, რადგან დღეს გვყავს ახალი, თანამედროვე არმია, რომელიც ახალგაზრდებს ახალი უნარების შეძენაში ეხმარება და საკუთარი ქვეყნის მიმართ სიამაყის განცდის შესაძლებლობას აძლევს“.
ინფორმაცია ლატვიის სახელმწიფო თავდაცვის სამსახურის შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე klustikaravirs.lv
https://eng.lsm.lv/article/society/defence/11.06.2026-diaspora-youth-will-be-subject-to-obligatory-defence-service-in-latvia.a651028/
