იპოვეს 8 წლის ინგუში ბიჭის ცხედარი, რომელიც მდინარეში მეგობრის გადასარჩენად გადახტა.
ინფორმაციას ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახური ადასტურებს.
ბავშვს რვა დღეზე მეტხანს ეძებდნენ.
სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობდნენ მაშველები, მოხალისეები და ადგილობრივი მცხოვრებლები. დახმარებას ასევე უწევდნენ მოხალისეები ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან და ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან.
ცნობისთვის, ტრაგედია 2026 წლის 15 ივნისს, ნაზრანის რაიონის სოფელ იანდარეში მოხდა.
ხიზირ დერბიჩევი ორ მეგობართან ერთად მდინარის სანაპიროზე იმყოფებოდა, როდესაც ერთ-ერთი ბიჭი ძლიერი დინების გამო წყალში ჩავარდა და ტოტს ჩაეჭიდა.
რვა წლის ხიზირმა არც ერთი წამი არ დააყოვნა და უფროსების მოსვლას არ დაელოდა – მეგობრის გადასარჩენად ადიდებულ მდინარეში შევიდა.
მან მოახერხა მეგობრის დახმარება და მისი გადარჩენა, რომელიც მოგვიანებით უფროსებმა ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს, თუმცა თავად ხიზირი ძლიერმა დინებამ გაიტაცა.
