რევოლუციაზე ორიენტირებული ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ნდობის არქონა და ამ ნდობის არქონას გააჩნია თავისი მიზეზი, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„მათი პოლიტიკური წარსული არის ძალიან მძიმე დანაშაულებით სავსე და საზოგადოებამ იცის, რომ საკონსტიტუციო სარჩელია შეტანილი „ნაციონალური მოძრაობის“ და მათგან გამოყოფილი რამდენიმე პარტიის წინააღმდეგ. მათ არ გააჩნიათ ნდობა თავიანთი პოლიტიკური წარსულის გამო, მათ არ გააჩნიათ საკუთარი დღის წესრიგი, მათ არ გააჩნიათ ალტერნატივა, პოლიტიკური ან ეკონომიკური პროექტი, რომ საზოგადოებას შესთავაზონ სიახლე, ცხოვრობენ რაღაც ძველი წესრიგით, რევანშით უნდათ ხელისუფლების ნებისმიერი მეთოდით დაბრუნება და ეს ნებისმიერი მეთოდი ჩვენ ვნახეთ. როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ხუთი რევოლუციის მცდელობა იყო საქართველოში, უფრო კარგად თუ დავთვლით, შეიძლება, მეტიც იყო. იმიტომ, რომ ეს მიმდინარეობს პერმანენტულად. პერმანენტული რევოლუციის ტროცკისტული თეორია მათთვის არის აბსოლუტურად ორგანული და, შესაბამისად, საზოგადოება მათ არ ენდობა“, – განაცხადა გიორგობიანმა.
მისი თქმით, მათ არა აქვთ საზოგადოებასთან კონტაქტი, კომუნიკაცია და ადამიანი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა დატოვა და მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ციხიდან მოწერით, ყოველგვარი ყრილობის და შიდა არჩევნების გარეშე, ცვლის თავმჯდომარეებს.
„ადამიანები ამას უყურებენ, როგორ იქცევიან ისინი პარტიის შიგნით და რას უზამენ ისინი ქვეყანას, თუკი როდესმე მოახდენენ იმ რევოლუციას, რომელსაც ცდილობენ, რომ მოახდინონ. ყველაფერს აქვს თავისი შედეგები და ეს შედეგები დადგა, სახეზეა, რომ ისინი არიან ღრმა კრიზისში და, ფაქტობრივად, მანამდე, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს განაჩენს, შეიძლება, ეს პარტია კიდევ რამდენიმე ნაწილად დაიშალოს. ეს არ არის გამორიცხული და მე უფრო ასე ვხედავ, რომ ეს ასეც იქნება“, – განაცხადა გიორგობიანმა.
როგორც გიორგობიანმა აღნიშნა, მისი პოლიტიკური პარტიის ხედვით, საერთოდ, ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ ამ პარტიაზე და ამ ადამიანებზე ლაპარაკი დღეს ისევ აქტუალურია, მაშინ როდესაც საქართველოშიც და მის გარშემოც უამრავი ისეთი სერიოზული პრობლემა და საკითხია, რომლებიც მართლაც ითხოვს საზოგადოების მსჯელობას.
როგორც გიორგობიანმა ასევე აღნიშნა, საქართველოში ძალიან ბევრი ამომრჩეველია ისეთი, რომელიც ხმას არც ხელისუფლებას აძლევს, არც ოპოზიციას და „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ამ ამომრჩეველზეა ორიენტირებული.
„საერთო ჯამში, ეს პარტიული კინკლაობა და პარტიების შიდა საქმეების გარჩევა საზოგადოებისთვის არ არის საინტერესო. საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის, რომელი პარტია ვისთან გაერთიანდება და დაიშლება. იმიტომ, რომ გაერთიანება თავისთავად სტრატეგია არ არის, არც თავმჯდომარის გადაყენება და ახალი თავმჯდომარის დაყენებაა რაღაც სიახლე და რაღაც ახალი სტრატეგიული კურსი, სტრატეგია არის პასუხი კითხვაზე, რა იქნება შენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ახალი და რა შეიცვლება“, – განაცხადა გიორგობიანმა.
