საფრანგეთში ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე ტყის ხანძრებმა ასობით ჰექტარი გაანადგურა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის ერთ-ერთი კერა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, ლოტ-და-გარონის დეპარტამენტში გაჩნდა, ცეცხლმა 87 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. ხანძრის ჩასაქრობად 180-ზე მეტი მეხანძრე იყო მობილიზებული.
კიდევ ერთი ხანძარი მძვინვარებს ჩრდილოეთით, მენ-ე-ლუარის დეპარტამენტის ტყეში. ბოლო მონაცემებით, იქ დაახლოებით ტყის მასივის 85 ჰექტარი დაიწვა. ადგილზე 200 მეხანძრე მუშაობს, ქრობის პროცესში სპეციალური ტექნიკაც არის ჩართული.
ხანძარს ებრძვიან ასევე ენდრის დეპარტამენტშიც, სადაც ტყის მიმდებარედ 40 ჰექტარი მინდორი განადგურდა, ორი მეხანძრე დაშავდა.
23 ივნისი საფრანგეთში ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, რაც ბოლო 79 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელი იყო. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუსს მიაღწია. ექსტრემალური სიცხის გამო ქვეყნის უმეტეს რეგიონში განგაშის „წითელი“ დონე გამოცხადდა, რაც ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის გაფრთხილებად ითვლება.
საფრანგეთის გარდა, მაღალ ტემპერატურას დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც ებრძვიან. „როიტერი“ წერს, რომ ევროპაში ტემპერატურის მატებას საჰარის უდაბნოს ჩრდილოეთიდან მოძრავი ცხელი ჰაერის მასა იწვევს.
