უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
შედეგად, როგორც უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნავენ, დაბომბილია საავიაციო ტექნიკისთვის განკუთვნილი ანგარები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები.
წინასწარი მონაცემებით, უკრაინამ ყირიმის ქალაქ საკიში სამხედრო აეროდრომზე მდებარე ოთხი ანგარი დაბომბა. დაიბომბა აგრეთვე ქალაქ გვარდეისკის აეროდრომის ინფრასტრუქტურა.
გარდა ამისა, ქერჩთან ახლოს უკრაინელმა სამხედროებმა მწყობრიდან გამოიყვანეს S-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და კომპლექსი „პანცირ-C1“.
„რუსი ოკუპანტები ყირიმის ცაზე კონტროლს კარგავენ. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თითოეული განადგურებული კომპლექსი და სამხედრო აეროდრომი მტრის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების მისაყენებლად უკრაინას ახალ შესაძლებლობებს აძლევს“, – აღნიშნულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
