პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ უკრაინის მიერ გადაცემული იაროსლავ ბრძენის ორდენი პოლონეთის ქალაქ ხელმში მდებარე ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა მუზეუმს გადასცა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
თავისი გადაწყვეტილების შესახებ მორავეცკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთ-ერთ უკრაინულ სამხედრო ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელი მიანიჭა, პოლონეთის და უკრაინის ურთიერთობები „ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორშიც არასდროს ყოფილა“.
მორავეცკის თქმით, იაროსლავ ბრძენის ორდენით უკრაინის ხელისუფლებამ ის რუსული აგრესიის დაწყებისთანავე დააჯილდოვა, თუმცა ის მას კიევში არ დააბრუნებს და მუზეუმს გადასცემს.
„თითოეული ადამიანი, პოლონელი და უცხოელი, რომელიც მუზეუმს მოინახულებს, უნდა დაფიქრდეს, თუ რაოდენ სასტიკი რამ იყო ვოლინის ხოცვა-ჟლეტა“, – განაცხადა მორავეცკიმ.
