გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე, გიორგი მალანიას სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
“ფაქტობრივი საფუძველი არის იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი და ფორმალური საფუძველი არის მიმალვის საფრთხე, ახალი მტკიცებულებების განადგურების თავიდან აცილების საფრთხე, ასევე მიმალვის საფრთხის უზრუნველყოფა. მისი დაკავება მოხდა გადაუდებლად, იმიტომ, რომ ის აპირებდა მიმალვას, იმყოფებოდა ლანჩხუთში, ერთ-ერთ სოფელში და სწორედ მიმალვის მცდელობისას იქნა დაკავებული.
გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, კონკრეტულად, ამ ბრალდებულების წინააღმდეგ მტკიცებულებების მოპოვებასა და შექმნაზე. მოგეხსენებათ, რომ საქმეში ძალიან დიდი მოცულობის ელექტრონული ინფორმაცია იქნა ამოღებული, მათ შორის, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა. ის დამუშავდა, შეისწავლა საინფორმაციო ტექნოლოგიურმა ექსპერტიზამ, შემდგომ ჩვენ დავათვალიერეთ და ამ დათვალიერებას სჭირდებოდა ძალიან დიდი დრო და რესურსი. სწორედ ამ დროისა და რესურსის გამოყენების შემდეგ, მივაკვლიეთ იმ ჩანაწერებს, იმ ვიდეოზარებს, რომელიც მრავლად არსებობდა მსჯავრდებულ ალექსანდრე გაბაშვილსა და მას შორის”, – განაცხადა პროკურორმა ქეთევან სიონიძემ.
გამოძიების მიხედვით, 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძესთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად, გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა დაგეგმეს. გიორგი მალანიას დახმარებით, რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო, გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.
გიორგი მალანიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას გულისხმობს, დანაშაული 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მალანიასთვის წარდგენილი ბრალის კვალიფიკაციას მიესალმება მოკლული მასწავლებლის დედა. ეკა კუპატაძე წერს, რომ პროკურატურამ ბრალის დამძიმებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
