გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 946 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 110 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 711 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 235 – სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს. 110 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
2026 წლის 6 თვეში დალუქულია 36 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი – 222 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში. სამეგრელო-ზემო სვანეთში – 174, კახეთში – 172, იმერეთში – 124, სამცხე-ჯავახეთში – 66, ქვემო ქართლში – 48, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 39, გურიაშიც – 39, შიდა ქართლში – 32, მცხეთა-მთიანეთში კი – 25.
5 სამართალდარღვევა დაფიქსირდა დედაქალაქშიც – გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, თბილისში, 6 თვეში გამოავლინეს 2 უკანონო სახერხი საამქრო, ასევე ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 და სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 2 ფაქტი.
ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც.
