უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამე რუსეთის სანავთობო ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმა განახორციელა და რამდენიმე რეგიონში მდებარე ნავთობის საცავები დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოკადრებში, სავარაუდოდ, ჩანს სტავროპოლის მხარეში, ქალაქ მიხაილოვსკის მახლობლად მდებარე კომპანია „ლუკოილის“ კუთვნილ ნავთობის საცავში გაჩენილი ხანძარი და შავი კვამლი.
სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა ვლადიმირ ვლადიმიროვმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა თავდასხმა უცნობ „სამრეწველო ობიექტზე“.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდასხმის შედეგად კიდევ ერთი ხანძარი გაჩნდა ნავთობის საცავში ქალაქ ტვერში, რომელიც მოსკოვიდან დაახლოებით 300 კილომეტრში, ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.
