„ნაციონალური მოძრაობის“ სტრუქტურა როგორც არ უნდა შეცვალონ, მათი არსი არ იცვლება, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი მიზანია, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოხდეს და ხელისუფლება ძალისმიერი გზით შეიცვალოს.
„პოლიტიკური პარტია არ ვიქნებით და „რეფორმების საბჭო“ ვიქნებითო, ისეთი, როგორიც უკრაინაში იყოო. ამ საბჭოს სათავეში მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგა და პრობლემების მეტი უკრაინისთვის არაფერი მოუტანია. ერთადერთი მიზანია, ქვეყანაში რევოლუცია მოხდეს და ხელისუფლება ძალისმიერი გზით შეიცვალოს. ამის იქით არანაირი გეგმა არ არსებობს, რომელიც იმ იმედებს პასუხობს, რომლებიც გარე ძალებს გააჩნიათ, რათა ადრე თუ გვიან საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება მოიყვანონ. მათი ამოცანაა, საქართველო რუსეთთან ომში იყოს გამოყენებული მექანიზმად. სააკაშვილი ამბობს, რომ ამ იდეის შესასრულებლად უკეთესს მომსახურებას გასწევს. ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობას“ საზოგადოების ნაწილი მხარს უჭერდა. მხარს ჰიტლერსაც უჭერდნენ და საკმაოდ დიდი რაოდენობა, მაგრამ ფაქტია, ამან ნგრევა განაპირობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, საქმე ჰქონდა თუ არა სისტემურ წამებას და ადამიანის უფლებების დარღვევას, რაც სტრასბურგის სასამართლომ არაერთხელ დაამტკიცა.
„ასევე უნდა იმსჯელოს, არის თუ არა სააკაშვილი დამნაშავე, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და რუსეთის საოკუპაციო ჯარი დღემდე საქართველოში დგას და ქვეყანას საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ამის მტკიცებულებები თუ არის და ყველაფერი რეალურია, იმის პერსპექტივა, რომ პარტიამ სტატუსი შეინარჩუნოს, არ არსებობს. ახალი არაფერი ხდება, სააკაშვილი საკუთარ თავს ყოველთვის მიიჩნევდა აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ჯორჯ ვაშინგტონად. არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო მოშლილი იყო, ვიდრე ის არ ჩამოვიდა და სათავეში არ ჩაუდგა იმ ხალხს, რომელიც, მისი თქმით, გამოირჩეოდა დიდი მუცლით, ულვაშებით, დიდი ქუდებით და კარგად ცეკვავდა. მისი იდეაა, რომ იმავე რესურსით და მეტი საგარეო მხარდაჭერით დაუბრუნდეს იმავე სუბსტანციას, რაშიც იმყოფებოდა, როცა ქვეყანას იმ მეთოდებით მართავდა. ყველაფერს აკეთებს, რათა ექსტრემისტული პროცესები განვითარდეს და თავის პარტიას სათავეში ამ მიმართულებით ჩაუდგეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
