ჩინეთს ძლიერი ტაიფუნი დაატყდა თავს – უკვე მეორეა ბოლო კვირის განმავლობაში. სტიქიის ზონიდან თითქმის 2 მილიონი ადამიანი ევაკუირებული.
ტაიფუნმა „ბავიმ“, რომლის დიამეტრი ყველაზე განიერ წერტილში 1000 კილომეტრს აღწევს, პირველად შაბათს საღამოს სანაპირო ქალაქ ტაიჟოუს დაარტყა, ხოლო შუაღამისას ხმელეთზე მეორედ – ვენჟოუში შემოიჭრა.
მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.
მიუხედავად იმისა, რომ ტაიფუნი შესუსტდა და ძლიერ ტროპიკულ შტორმად იქცა, ის მაინც სახიფათოა მის ღრუბლებში არსებული ნალექის უზარმაზარი მასის გამო. მოსალოდნელია, რომ ჩრდილო-დასავლეთით გადაადგილებასთან ერთად, შტორმის ინტენსივობა თანდათან იკლებს.
პროგნოზის მიხედვით, კვირას „ბავი“ განსაკუთრებით ძლიერ წვიმას მოიტანს ჟეცზიანის აღმოსავლეთ და ფუძიანის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში. ჩინეთის ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ ევაკუაცია „მთლიანად პრევენციული ხასიათისაა და მიზნად მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების თავიდან აცილებას ისახავს“.
