განსაკუთრებით ბატონ კუბილიუსს და ქალბატონ რასა იუკნევიჩიენეს, მათ ვერაფრით ავუხსენი, რომ თქვენი ეს ინფორმაცია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არ არის სწორი, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ თბილისის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ გასულ წლებში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებისა და ევროპელი პოლიტიკოსების შეხვედრებზე საუბრისას.
მისივე თქმით, იქ იყო საუბარი წინა ხელისუფლებაზე, „ნაციონალურ მოძრაობაზე“, თუ რა ბოროტება ჩაიდინა ქართველი ხალხის წინაშე, რამდენი სისხლი დაღვარა და როგორ არ ემთხვეოდა მათი შეფასებები იმ რეალობას, რომელიც მაშინ იმ რეჟიმის დროს იყო.
„ამაზე ვამახვილებდით ყურადღებას და ვეუბნებოდით, რომ „თქვენ ვისაც „დემოკრატიის შუქურას“ ეძახდით, ჩვენთვის ისინი არიან ადამიანების მტანჯველები და მდევნელები“, რაზეც ისინი უარს ამბობდნენ და არ იღებდნენ ამას სინამდვილედ. ქართველი ხალხი როცა უყურებს ამ განსხვავებას, მის რეალობას და ევროპის ბიუროკრატიის თუ პოლიტიკოსების დამოკიდებულებას და ხედავს რომ უბრალოდ, ტყუილია ეს ყველაფერი და არ შეესაბამება სინამდვილეს, რასაკვირველია განწყობები ადეკვატურად უარყოფითია“, – აღნიშნა დეკანოზმა.
მან ასევე ისაუბრა, როგორ გადასცა საპატრიარქოს დელეგაციამ ევროპელ პოლიტიკოსებს, მათ შორის, ანდრიუს კუბილიუსსა და რასა იუკნევიჩიენეს ქართველი ხალხის განწყობები, თუ რა იწვევდა ხალხში იმედგაცრუებას და რომ ერთ-ერთი და უმთავრესი თემა იყო ლგბტ დღის წესრიგის თავსმოხვევა.
„ჩვენ ვწუხვართ იმ ზოგად ტენდენციებზე, რომლებიც დღეს თავსმოხვეულია თვითონ ევროპისთვისაც და ჩვენთვისაც. მე ვიცი, რომ მარტივი არ არის ეს თემა, ლგბტ-ს თემა. ასე უბრალოდ, ერთი ხელის მოსმით შეურაცხყოფის მიყენება, გადაგდება და უარის თქმა ურთიერთობაზე, ესეც არ არის სწორი, რადგან არსებობენ ასეთი ადამიანები. აქ ჩვენი წუხილი იყო ის, რომ მათი გამოხატვის თავისუფლება, აღლუმების ჩატარება, პროპაგანდა, ღია ფორმებით დემონსტრირება, სკოლებსა და საჯარო სივრცეებში ამ ყველაფრისა, ჩვენთვის მიუღებელია.
ვეუბნებოდით, რომ ჩვენ ვართ სასულიერო პირები, რომელსაც ხალხის მაჯა გვიჭირავს პირდაპირ და მათი განწყობები და დამოკიდებულებები ძალიან კარგად ვიცით. თუ გინდათ, რომ ქართველი ხალხის აზრი გაიგონოთ, ჩვენც მოგვისმინეთ, რადგან დიდი ოდენობით ქართველის აზრს წარმოვადგენთ ევროპარლამენტში, მაგრამ მათი დამოკიდებულება მაინც ზედაპირული იყო“, – გაიხსენა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.
ევროპელ პოლიტიკოსებთან შეხვედრებსა და მათი მხრიდან წამოყენებული მოთხოვნების შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გასულ კვირას ისაუბრა.
„ქალბატონი ჰაჯა ლაბიბი მობრძანდა საპატრიარქოში და გაუგონარი რამ გვთხოვა, თქვა, რომ საპატრიარქოს აქვს საკმაოდ დიდი გავლენები საზოგადოებაში, რომ ქართული საზოგადოება 21-ე საუკუნის ტენდენციებს ძალიან ჩამორჩა, მისთვის მიუღებელია ერთნაირსქესიანთა ქორწინებები და ჩვენ გვთხოვა, რომ უნდა დავხმარებოდით ამის პოპულარიზაციაში”, – განაცხადა ინტერვიუში ანდრია ჯაღმაიძემ 2023 წელს გამართული შეხვედრის შესახებ.
