მოლდოვაში რუსული „შაჰედის“ ტიპის დრონი შეფრინდა. ის უკრაინასთან საზღვრის მახლობლად ჩამოვარდა და აფეთქდა.
მოლდოვის პოლიციის გენერალურ ინსპექტორატში განაცხადეს, რომ ღამის 1:03 საათზე, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ნომერზე შევიდა შეტყობინება კაუშანის რაიონის სოფელ კოპანკას გარეუბანში ნაპოვნი ობიექტის შესახებ, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატს ჰგავდა.
„შემთხვევის ადგილზე პოლიციელები და მეხანძრეები მივიდნენ. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა. ტერიტორია შემოიღობა, სამართალდამცველები ყველა გარემოების დასადგენად გამოძიებას აწარმოებენ“, – აღნიშნეს პოლიციაში.
მოგვიანებით თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ საუბარია რუსულ „შაჰედის“ ტიპის დრონზე, რომელიც მოლდოვის საჰაერო სივრცეში ოდესის ოლქის ობიექტებზე რუსული თავდასხმის დროს შეფრინდა.
„ეს ახალი ინციდენტი მოლდოვის საჰაერო სივრცის სერიოზული და მიუღებელი დარღვევაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეებისა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებას“, – აღნიშნეს თავდაცვის სამინისტროში.
