ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქონლის ხორცის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, წყალტუბოს რაიონში, უფლებამოსილი პირების მიერ, შეჩერებული იქნა ერთ-ერთი კომპანიის (უწყება თავს იკავებს კომპანიის სახელწოდების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც 1 900 კილოგრამი საქონლის ხორცი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სატრანსპორტო ზედნადებისა და ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო წესების/პირობების დარღვევით გადაჰქონდა.
აღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილი მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოს.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
