აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ბრაის კროუფორდთან პოდკასტში განაცხადა, რომ შესაძლოა, ანტიქრისტე „ჩვენ შორის დადიოდეს“ და არ გამორიცხა, მსოფლიო „უკანასკნელი ჟამის“ პერიოდში ცხოვრობდეს.
„ვფიქრობ თუ არა, რომ უკანასკნელ ჟამში ვცხოვრობთ? არ ვიცი. ვფიქრობ, სულიერად ჩემთვის კარგი არ იქნება, ამაზე ზედმეტად ვიფიქრო. მსოფლიოში ბევრი ისეთი რამ ხდება, არ გამიკვირდება, ანტიქრისტე ჩვენ შორის დადიოდეს, მაგრამ ვცდილობ, ამაზე მეტისმეტად კონცენტრირებული არ ვიყო. ის, რაზეც ახლა ვცდილობ, ყურადღება გავამახვილო, რაც შეიძლება მეტი ღვთის საქმე გავაკეთო და თუ ეს უკანასკნელ ჟამამდე მიგვიყვანს, იყოს ასე“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
ამასთან, ვენსმა ხელოვნურ ინტელექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსულტაციისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება „ერთგვარად სატანურია“.
პოდკასტის წამყვანმა ჯეი დი ვენსს ჰკითხა, ერთიდან ათამდე რამდენად შეაფასებს საკუთარ შანსს, მოხვდეს სამოთხეში.
„რთული კითხვაა. მაღალია, მაგრამ ათი არა, ხომ? ალბათ შვიდი ან რვა. ყოველთვის იმ ადამიანების რიცხვში ვიქნები, რომლებსაც გარკვეული ეჭვები ექნებათ. ერთი წლის წინ ეს კითხვა რომ დაგესვათ, ალბათ ხუთს ან ექვს ვიტყოდი“, – უპასუხა ვენსმა.
კროუფორდმა ვენსს ასევე ჰკითხა ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ფოტოზე, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტი იესოს სახით იყო გამოსახული.
„მას ღმერთის დაცინვა ან მისთვის მიბაძვა არ ჰქონია განზრახული, უბრალოდ, ასეთი ადამიანი არ არის“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპი ხშირად ცდილობს, სიტუაცია უფრო მსუბუქი გახადოს და მუდმივად ხუმრობს.
„ის ჩვენთვის, ვინც მასთან ვმუშაობთ, ცოტა პროვოკატორია და უბრალოდ კარგი დროის გატარება უყვარს. ვფიქრობ, ადამიანებს ეს რომ გაეთვალისწინებინათ, მიხვდებოდნენ, რომ მისი მიზანი ვინმეს შეურაცხყოფა არ არის, ის ცდილობს, სიტუაცია უფრო მსუბუქი გახადოს“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
