გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა კიოლნში საჯარო გამოსვლისას საქსონია-ანჰალტში კვირას ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ შედეგი „უბრალოდ შოკისმომგვრელი“ იყო.
მიუხედავად იმისა, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პარტიის წარმატებას ისედაც პროგნოზირებდნენ, მან მოლოდინს გადააჭარბა, ხოლო მერკელის პარტიამ – „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ (CDU) – იმაზე მეტი პოზიცია დაკარგა, ვიდრე ვარაუდობდნენ.
„როგორც CDU-ის წევრს, გული მისკდება“, – თქვა მერკელმა აღმოსავლეთ გერმანიის იმ მხარეში დაფიქსირებულ შედეგზე, სადაც თავად გაიზარდა. – „ეს არის გარდამტეხი მომენტი, ნამდვილი მიჯნა თანამედროვე გერმანიის ისტორიაში“.
მერკელმა, რომელიც ქვეყნის კანცლერი 2005-2021 წლებში იყო, პოლიტიკოსებს კომუნიკაციის სტრატეგიების გადახედვა ურჩია და აღნიშნა, რომ „მოქალაქეებთან ინდივიდუალური მიმართვა“ პოლიტიკაში სულ უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობს.
მან ასევე შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ამომრჩევლები ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ ფაქტებს და მეტად ეყრდნობიან საკუთარ ემოციებს.
მაგალითად მან მოიყვანა ოფიციალური, ზუსტი მონაცემები საქსონია-ანჰალტში უმუშევრობის შემცირებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის შესახებ, თუმცა დასძინა: „შემდეგ კი გამოდის მთავარი კანდიდატი [AfD-იდან, ულრიხ ზიგმუნდი] და ამბობს: შეიძლება, მაგრამ ასე არ იგრძნობა“.
მერკელის თქმით, ასეთი დამოკიდებულების გავრცელება მთელ საზოგადოებაში დაუშვებელია.
„განმანათლებლობის მთავარი მიღწევა ის იყო, რომ ადამიანთა უმრავლესობას ფაქტებზე შეთანხმება შეეძლო“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, თუკი ემოციები ოდესმე ფაქტებზე იმარჯვებს, ეს ცივილიზაციური უკუსვლა იქნება.
