აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს ვაშინგტონში სამდღიანი სამიტის გახსნისას მასშტაბური დახვედრა მოუწყო, რომელიც სამხედრო თვითმფრინავების გადაფრენასა და 30-მეტრიან წითელ ხალიჩას მოიცავდა. აეროპორტში ასევე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ორკესტრი უკრავდა.
დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, ჩინეთის ლიდერსა და მის მეუღლეს, პენ ლიუანს, მერილენდში მდებარე ენდრიუსის ერთობლივ სამხედრო ბაზაზე ოთხშაბათს საღამოს უმასპინძლეს. მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ უცხოელი ლიდერის აეროპორტში დახვედრა „იშვიათი ჟესტია“.
თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარში, ტრამპმა დახვედრის ცერემონიაზე საუბრისას აღნიშნა: „ვფიქრობ, მათ ეს დააფასეს – განსაკუთრებული ადამიანები არიან“.
ჩინურმა მხარემ კი აშშ-ში ჩასვლისას ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც სი ძინპინმა აღნიშნა, რომ პეკინი და ვაშინგტონი „პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები“.
„ჩინელი ერის დიდი აღორძინება და ამერიკის დიდებულების დაბრუნება შესაძლებელია გვერდიგვერდ მიმდინარეობდეს. ორივე ქვეყანას შეუძლია ხელი შეუწყოს ერთმანეთის წარმატებას და ამით სარგებელი მოუტანოს მთელ მსოფლიოს“, – განაცხადა სი ძინპინმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მხარეები „ერთმანეთისკენ შემხვედრი ნაბიჯებით უნდა წავიდნენ და ერთობლივად იმუშაონ სტაბილური ურთიერთობების მშენებლობაზე, სადაც თანამშრომლობა საფუძველია, კონკურენცია გონივრულ ფარგლებშია მოქცეული, უთანხმოებები გვარდება, მშვიდობა კი სრულიად რეალურია“.
ეს სი ძინპინის პირველი ვიზიტია ვაშინგტონში 2015 წლის შემდეგ. მაღალი დონის სამიტის ფარგლებში დაგეგმილია დახურული შეხვედრები და ოფიციალური ვახშამი. ლიდერები განიხილავენ ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, ირანის ომი, ტაივანის თემა და სავაჭრო ზავის გაგრძელების პერსპექტივები.
