გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების გამართვა იმ მიზნით მოითხოვა, რომ გერმანელებისთვის გარკვეული დიპლომატიური აქტიურობა ეჩვენებინა და გერმანიის ფედერალური კანცლერის, ფრიდრიხ მერცის, დაცემული რეიტინგი გაეუმჯობესებინა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ, განაცხადა.
“ჩემი ვარაუდით, ეს მოლაპარაკებები, რომელიც მათ თავად ითხოვეს, მხოლოდ იმისთვის იყო საჭირო, რომ როგორმე გერმანელებისთვის ეჩვენებინათ გარკვეული აქტიურობა, რა თქმა უნდა, აქ ბრჭყალებში ვსვამთ – „ოფიციალური ბერლინის დიპლომატიურ ასპარეზზე აქტიურობა. ეს ყველაფერი იმისთვის იყო საჭირო, რომ როგორმე, თუნდაც მცირედით, გაეუმჯობესებინათ მერცის დაცემული რეიტინგი”, – აღნიშნა ზახაროვამ.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულის განცხადებით, გუშინ რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან ნიუ-იორკში გამართული შეხვედრა ინტენსიური იყო, თუმცა მნიშვნელოვან საკითხებზე მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ვადეფულის განცხადებით, მან რუსეთს უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ გერმანიისთვის მიუღებელია რუსეთის მხრიდან ესკალაცია. მისი თქმით, გერმანია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას შეინარჩუნებს.
