თბილისს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა – სამგორის რაიონში, ევგენი აფხაზავას ქუჩაზე ახლად აშენებული N168 ბაგა-ბაღი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოადგილე კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა.
ახალი ბაღი 12-ჯგუფიანია და 400-ზე მეტ აღსაზრდელზეა გათვლილი.
საბავშვო ბაღმა 200 აღსაზრდელი 15 სექტემბერს მიიღო.
„ლილოს დასახლებაში კიდევ ერთი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. აშენდა N168 ბაგა-ბაღის შენობა, რომელიც 400 ბავშვის მიღებას უზრუნველყოფს. დღეის მდგომარეობით, ბაღი 200 ბავშვით არის დატვირთული, თუმცა გრძელდება მიღება და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მთლიანად შეივსება. შენობა ყველანაირად მოწესრიგებულია, საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საკვებს, სათამაშოებს, თეთრეულს, რათა პატარებს ნორმალურ, თანამედროვე პირობებში ჰქონდეთ აღზრდის შესაძლებლობა. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი პროექტი განვახორციელეთ. ეს მიდგომა და დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერიის ცნობით, შენობაში დაცულია ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტები, სივრცეები აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით, დამონტაჟებულია ლიფტები შშმ პირთათვის და ტექნიკური პერსონალისთვის. ბაღს აქვს გამწვანებული ეზო და სათამაშო მოედნები ღია აქტივობებისთვის.
საბავშვო ბაღის მშენებლობა დედაქალაქის ბიუჯეტიდან რვა მილიონამდე ლარით დაფინანსდა.
დასრულებულ პროექტს ასევე გაეცნენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ოქროპირიძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, პარლამენტის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა ხაბარელი.
