ავსტრიაში ჯაშუშობაში ეჭვის საფუძველზე ოთხი უკრაინელი დააკავეს, მათ შორის არიან გამოცემა „უკრაინსკაია პრავდის“ თანამშრომლები.
ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, გერჰარდ კარნერმა განაცხადა, რომ ჯაშუშობაში ეჭვის საფუძველზე ოთხი უკრაინელი დააკავეს, რომელთაგან სამი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. მიმდინარე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მინისტრმა საქმის დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
გამოცემა „უკრაინსკაია პრავდის“ ინფორმაციით, დაკავებულთა შორის მათი ორი თანამშრომელი იყო.
„უკრაინსკაია პრავდის“ მთავარმა რედაქტორმა, სევგილ მუსაიევამ განაცხადა, რომ მათი ჟურნალისტი მიხაილო ტკაჩი 12 საათი ჰყავდათ დაკავებული, რის შემდეგაც ის გაათავისუფლეს.
„თუმცა მას საკომუნიკაციო მოწყობილობები არ დაუბრუნეს, რის გამოც რედაქცია მასთან პირდაპირ დაკავშირებას ამჟამად ვერ ახერხებს“, – აღნიშნა მუსაიევამ.
მისივე ინფორმაციით, დაკავების დროს დაზიანებები მიიღო ოპერატორმა იაროსლავ ბონდარენკომ, რომელიც ახლაც დაკავებულია.
