ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. სხდომაზე ევროკავშირის გაფართოების, უკრაინაში საომარი მოქმედებების და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გარდა, საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ. რატომ შეწყვიტა ბრიუსელმა საქართველოსთან დიალოგი და ფიქრობენ თუ არა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომ დიალოგის განახლების დროა.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის თქმით, კაია კალასის თავმჯდომარეობით გამართული სხდომის დიდი მოლოდინი არ აქვთ.
“დიდი მოლოდინი არა გვაქვს იმ სხდომისა, სადაც კაია კალასი იქნება თავმჯდომარე. ის მისცემს, ალბათ, ტონს ამ განხილვას, მისი დამოკიდებულება ჩვენ ვიცით. ის არ ცნობს აბსოლუტურად არანაირ რეალობას.
შავი ზღვის კონფერენციებსაც კი ატარებს ისეთ ქვეყნებთან, რომელსაც შავ ზღვაზე არა აქვს გასასვლელი და საქართველოს არ დაუძახებს ხოლმე. რაღაც ასეთი უცნაური ადამიანია, გეოგრაფიული განსწავლულობიდან გამომდინარე.
ასე რომ, რაღაც დიდი მოლოდინები არა გვაქვს, მაინც გვინდა იმედი გამოვთქვათ, რომ პრაგმატიზმი გადასძალავს. ჩვენ მზადა ვართ ნებისმიერი დიალოგისთვის, თუ ეს დიალოგი იქნება საგნობრივი და სამართლიანი. ჩვენთვის ფასი აქვს ყველა იმ შენიშვნას, იმ გამონათქვამს, თუნდაც რეზოლუციას, თუნდაც მითითებას, რომ რაღაცა არასწორი ქმედებაა, რომელიც ეფუძნება რეალობას. ფეიკ ინფორმაციაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს ჩვენთვის ავტორიტეტი ვერ ექნება”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
