გლდანის ციხეში მყოფი დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური დაზიანებები ვატო ყიფიანმა, [ავთანდილ] ბილანიშვილმა და კიდევ რამდენიმე პირმა მიაყენა, რის შემდეგაც ძმებმა ფეიქრიშვილებმა თვითდაზიანებები მიიყენეს.
პენიტენციური სამსახური 17 ოქტომბრიდან „კატეგორიულად უარყოფს“ გავრცელებულ ცნობებს ფეიქრიშვილის ცემის შესახებ.
რადიო თავისუფლებისთან საუბარში ყიფიანის ადვოკატი ამბობს, რომ გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან არ უსაუბრია, თუმცა კატეგორიულად გამორიცხავს მსგავს რამეს.
რადიო თავისუფლებას „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ დაუდასტურა, რომ დავით ფეიქრიშვილი ორშაბათს საღამოს კლინიკაში გადაიყვანეს.
ფეიქრიშვილებსა და ყიფიანს, – რომლებიც გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან, – დაპირისპირების მრავალწლიანი ისტორია აქვთ.
„დაზიანებები მიაყენეს ყიფიანმა და სხვებმა“ – ადვოკატი
„ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სავალალო. აღენიშნება ფიზიკური დაზიანებების კვალი, რაც მას მიადგა 16 ოქტომბრის შემდეგ“, – განუცხადა ფეიქრიშვილის ადვოკატმა პაატა გოგიაშვილმა 20 ოქტომბერს „ფორმულას“ გლდანის ციხესთან, – მე-8 პენიტენციურ დაწესებულებასთან.
„მისი გადმოცემით და განმარტებით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, [ავთანდილ] ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა“ – განაცხადა ადვოაკტმა და კიდევ ორი ადამიანის გვარი დაასახელა.
ადვოკატის თქმითვე, ეს ადამიანები დავით ფეიქრიშვილს 16 ოქტომბერს შეუსახლეს საკანში.
