ბრიუსელის მხრიდან ორმაგ სტანდარტზე კიდევ ერთხელ საუბრობს მმართველი გუნდი. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ევროპის ქალაქებში საჯარო შენობებზე თავდასხმები და პოლიციელებზე ძალადობა ევროკომისიამ მკაცრად დაგმო და თქვა, რომ მომიტინგეების ქმედებები სცილდება დემოკრატიულ ჩარჩოებს.
სწორედ მსგავს ფრაზებს ელოდებოდა საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირისგან 7 წლის განმავლობაში უშედეგოდ. “ამ ქმედებით აშკარად გამოიკვეთა მათი პოლიტიკური მიზანი” – ამბობენ უმრავლესობაში.
“ქვეყანა ვალდებულია, კანონით დაიცვას საკუთარი თავი. ასეთ განცხადებებს, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ჩვენ ველოდებოდით 2019-შიც, 20-შიც, 21-შიც, 22-ში, 23-ში და 2025 წელსაც. არანაირი ასეთი განცხადება არ გაკეთებულა. გეგმა ეგ იყო, რომ საქართველოში ეს ცეცხლი, რომელიც არაერთხელ დაანთეს, ყოფილიყო იმდენად მძლავრი, რომ სახელმწიფოში მომხდარიყო გადატრიალება და ძალისმიერი ცვლილება ხელისუფლების. აშკარად გამოიკვეთა პოლიტიკური მიზანი, რომ საქართველო სწორედაც ყოფილიყო მსხვერპლი ასეთი რევოლუციისა, რაც მიიღეს გაათმაგებული და გაასმაგებული მასშტაბით”, – განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ.
